კახა კალაძე ესტონეთის მიერ ირაკლი კობახიძესა და ხელისუფლების სხვა წევრებზე დაწესებულ სანქციებზე ამბობს, რომ „საქართველოს ბოროტი ძალა ებრძვის”.
თბილისის მერისა და „ქართული ოცნების” გენერალური მდივნის თქმით, „ეს ყველაფერი დოლანდ ტრამპის ინაუგურაციის და აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მუშაობის დაწყების შემდეგ დასრულდება”.
კალაძისვე თქმით, „ევროპული სახელმწიფოების მხრიდან ქართველი მაღალი თანამდებობის პირების სანქცირება დროებითი პროცესია”.
„საერთოდ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ეს არის დროებითი პროცესი, ყველაფერი შეიცვლება, ყველაფერი დალაგდება. იქნება განსხვავებული მსოფლიო, განსხვავებული ევროპა, ისეთი ევროპა, როგორიც წარმოგვიდგენია ჩვენ, ქართველებს და ქართველების უმრავლესობა მიისწრაფვის. ისეთი ევროპა დაბრუნდება და გვინდა დაბრუნდეს, რადგან დღეს რაც ხდება, მას ევროპულ ღირებულებებთან არანაირი კავშირი არ აქვს.
დღეს არის უსამართლობის და ყოველგვარი სიბინძურის კადრების სრული პიკი, თეთრზე პირდაპირ გვიმტკიცებენ, რომ შავია და აქვთ მცდელობა თვალებში ნაცრის შეყრის. ეს ყველაფერი დასრულდება და იმედი გვაქვს, დაბრუნდება ისეთი სამართლიანი ევროპა, საითკენაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მიისწრაფვის“. – თქვა კახა კალაძემ.
დღეს, 15 დეკემბერს ირკალი კობახიძესა და კიდევ 13 ადამიანს დღეს სანქციები დაუწესა ესტონეთმა. სანქცირებულთა შორის არიან მოსამართლეებიც, თუმცა, სია ესტონეთის საგარეო სამქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია.
დღესვე ლიეტუვამ განაცხადა, რომ სანქციები დაუწესა ირაკლი კობახიძეს და კიდევ 16 ადამიანს.
ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილს და „ქართული ოცნების” შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს სანქციები 2 დეკემბერსაც დაუწესა. 2 დეკემბრის სანქციები სანქცირებულ პირებს ქვეყნებში შესვლას უკრძალავს.