„ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე საქართველოში ჩამოსულ EU-ის დელეგაციაზე ამბობს, რომ „ამ ადამიანების განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს” და მათ „უსაქმურ” ადამიანებს უწოდებს.
მისივე თქმით, დელეგაციის წევრები ევროპის სახელით საუბრობენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოში არეულობა, დაძაბულობა მოხდეს.
„ამ ადამიანების განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს. ეს არიან უსაქმური ადამიანები, რომლებიც ხან ერთ ქვეყანაში ჩადიან, ხან მეორეში. ჩვენ გვახსოვს, როცა ისინი ოპოზიციის აქციების დროს ჩამოვიდნენ, ისინი სიტყვითაც გამოვიდნენ.
ამ ადამიანებმა რით დაამახსოვრეს თავი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას – სიცრუით. იმ სიცრუის პროპაგანდას, რასაც ვისმენდით მთელი ამ ხნის განმავლობაში, დღესაც აგრძელებენ. შესაბამისად, ყველამ კარგად ვიცით, რას წარმოადგენენ ისინი და როგორც ვთქვი, არანაირი ფასი არ აქვს მათ განცხადებებს“, – განაცხადა კალაძემ.
კალაძის თქმით, დელეგაციის წევრები პატივს არ სცემენ საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და ქართველ ხალხს.
„ევროკავშირი დაფუძნებულია სხვადასხვა ღირებულებაზე, ერთ-ერთია მშვიდობა. ეს ადამიანები გველაპარაკებიან ევროპის სახელით და ამ დროს ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, დაძაბულობა. არა მხოლოდ ახლა, ადრეც, თუ გავიხსენებთ, რამდენიმე თვის წინ რა გაცხადებებს აკეთებდნენ.
ჩვეულებრივი მავნებლები არიან, ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი. ეს ადამიანები პატივს არ სცემენ ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფოებრიობასა და ქართველ ხალხს. მათ განცხადებებს, ქმედებებს, ყველაფერს აქვს ჩალის ფასი. ზურაბიშვილი და სხვა წვრილფეხა პოლიტიკოსები – რადიკალები, რომლებიც ოპოზიციას წარმოადგენენ და ისინი, ვინც გარედან აკეთებენ მსგავს განცხადებებს, ერთნი არიან, ერთი ფრთის ქვეშ არიან და ერთი პატრონი ჰყავთ.
ხალხმა ძალიან კარგად დაინახა სრული სურათი და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი რამ შეიცვლება, არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში გარკვეული ცვლილებები უკვე დაიწყება და ეს საკმაოდ საინტერესო პროცესი იქნება.
ჩვენ რამდენიმე თვის წინ მოვისმინეთ ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირების განცხადება, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებს არ შეხვდებოდნენ. თუ იმავე კონტექსტში ვსაუბრობთ, ეს საბჭოურია. ეს საბჭოური მიდგომა და დამოკიდებულება მოდის ამ რადიკალებისგან, რომლის ნაწილი დღეს საქართველოში არის და რომლის განცხადებებს ჩვენ გარედან ვისმენდით”, – განაცხადა კალაძემ.
საქართველოში იმყოფება ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის პარლამენტების დელეგაცია – ფინეთის (ჯუკა კოპრა), შვედეთის (ერიკ ოტოსონი), საფრანგეთის (ფრედერიკ პეტიტი), ლიეტუვის (ჟიგიმანტას პავილიონისი), ლატვიის (ინარა მურნიესი), ესტონეთის (მარკო მიკელსონი), პოლონეთისა (მიხალ კამინსკი) და გერმანიის (მიხაილ როთი) წარმომადგენლები.
მათ უკვე შეხვდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
რაც შეეხება მმართველ პარტიას, ისინი მათთან შეხვედრას არ აპირებენ. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიზეზები სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტის საშუალებით ახსნა, რომელშიც განმარტავს, რომ „შეუძლებელია ევროპას მშვიდობის პროექტად წარმოაჩენდე და ამავდროულად, ევროპის სახელით, ქვეყანაში არეულობას თესავდე“.