თბილისის მერი და „ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახა კალაძე ამბობს, რომ „ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ არა ისე, რომ ვიღაცამ თავში წამოგვარტყას”.
„რაღაც მიგვითითოს, გამოიყენოს ქვეყანა საკუთარი მიზნებისთვის, ინტერესებისთვის. ყველას თავისი ინტერესი აქვს. ჩვენ უნდა მივხედოთ საკუთარ თავს, უნდა დავიცვათ საკუთარი ინტერესები. გვინდა ევროპული მომავალი, მაგრამ გვინდა ღირსებით, თავაწეული. არ დაგვავიწყდეს, რომ ქართველები ვართ – უდიდესი კულტურის, ტრადიციების ხალხი და ვამაყობთ ჩვენი წარსულით, წინაპრებით. ამ ყველაფრით ვართ ჩვენ საინტერესო ევროპისთვის. თქვენგან განსხვავებით, ამით ვამაყობ”, – თქვა კალაძემ საკრებულოში, ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვის პასუხად.
მისივე თქმით, ის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, მხოლოდ მმართველი გუნდის დამსახურებაა.
„ეს არის რეალობა და მწარე სიმართლე“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
ზუსტად ერთი წლის წინ, 2022 წლის 14 დეკემბერს კახა კალაძე კანდიდატის სტატუსს არაფრისმომცემს უწოდებდა.
„თუ კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულს ვაყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ სტატუსის მიღება-არმიღებასთან დაკავშირებით, ეს არაფრისმომცემი სტატუსი თავისთვის დაიტოვონ“, – თქვა მან.