კალაძე იმეორებს, რომ თუ ქვეყანა სტატუსს მიიღებს, კარგი იქნება, თუ არადა, „არც ეს არის პრობლემა“

პუბლიკა

თბილისის მერმა,  კახა კალაძემ ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თუ ქვეყანა სტატუსს მიიღებს, კარგი იქნება, თუ არადა, „არც ეგ არის პრობლემა“.

მისი თქმით, საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს გასულ წელსაც იმსახურებდა, რადგან ამისთვის კონკრეტული ნაბიჯები ჰქონდა გადადგმული, მაგრამ სტატუსის არმინიჭება საქართველოსთვის იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება.

„ბევრჯერ გავიმეორე და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველო ევროკავშირის  კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა. მართალია, გადაწყვეტილება იყო მიღებული უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებაში, მაგრამ პირველი ვინც ამას იმსახურებდა, ჩვენ ვიყავით. არ იფიქროთ, რომ ომში მყოფ ქვეყანას რამეს ვაყვედრით. ღმერთმა დამიფაროს. პირიქით, ყოველთვის გამიხარდება უკრაინელების წარმატება. თუმცა რეალურად რომ შევხედოთ, პარამეტრებითა და ციფრებით, საქართველო არის პირველი, ვისაც კონკრეტული ნაბიჯები აქვს გადადგმული – რეფორმების განხორციელება, კორუფციასთან ბრძოლა და ა.შ.

ჩვენი ხელისუფლება მზადაა, ზედმიწევნით შეასრულოს და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს უკვე ჩვენზე დამოკიდებული არ არის. თუ მოგვცემენ, გაგვიხარდება. თუ არ მოგვცემენ, არც ეს არის პრობლემა. ამ 12-პუნქტიან გეგმაში არც გვარამია და არც კრიმინალი სააკაშვილი ნახსენები არ არიან“, – თქვა კახა კალაძემ.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, 12 პუნქტიდან ამ ეტაპზე სრულად შესრულებულია ერთი პირობა, დიდწილად შესრულებულია ორი პირობა, ნაწილობრივ კი – ოთხი, ხოლო შესასრულებელია ევროკავშირის ხუთი პირობა.