კალაძე ხაზარაძეზე: ჩემი ვიდეო განათავსა და „ერთი ადგილიც“ არ ჰქონდა, ის ბოლომდე დაედო

პუბლიკა

„ჩემი ვიდეო განათავსა და „ერთი ადგილიც“ არ ჰქონდა, ის ბოლომდე დაედო”, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ სოციალურ ქსელში გუშინ გამოქვეყნებულ ვიდეოს.

კალაძე ამბობს, რომ საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ არის მამუკა ხაზარაძე და როგორი წარსული აქვს.

„ხაზარაძის პიროვნება მაგაშიც იკვეთება, თუ რა ადამიანია და როგორი წარსულის მქონე პიროვნებაა. ჩემი ვიდეო განათავსა და „ერთი ადგილიც“ არ ჰქონდა, ის ბოლომდე დაედო. მიჭრა-მოჭრა და ისეთი ვიდეო გამოაქვეყნა. ყველამ ხომ კარგად იცის, რომელი ვიდეოა? აღნიშნულ ვიდეოში ვსაუბრობ, რა კარგი საქმეები კეთდებოდა, ასევე, იმ პრობლემებზე, გულისტკივილსა და მძიმე ფაქტებზე, რომლებიც მაშინ ხდებოდა. ვიდეოს მეორე ნაწილი მოჭრა და მხოლოდ პირველი განათავსა. აქ იკვეთება ყველაფერი და საზოგადოება კარგად ხედავს, თუ ვინ არის მამუკა ხაზარაძე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გუშინ, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მამუკა ხაზარაძე „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ბინძურ საქმეებს აკეთებდა და სააკაშვილის ხელის ბიჭი იყო“.

კალაძის ამ განცხადების საპასუხოდ მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში გააზიარა არქივი ინგა გრიგოლიას გადაცემიდან, სადაც კალაძე პრეზიდენტ სააკაშვილის საქმიანობას აქებს.

„ნამდვილად, ყველას ყველაფერი ახსოვს.. დანარჩენზე სასამართლოში“, – დაწერა მან.