თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ წერეთლის გამზირზე „სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს და საღამომდე მთლიანად დასრულებული იქნება“. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ხვალიდან, 1-ელი თებერვლიდან მოძრაობა ორმხრივად იქნება აღდგენილი.
„ჩვენ დედაქალაქის მოსახლეობას დავპირდით, რომ 1-ელი თებერვლიდან წერეთლის გამზირზე სამუშაოები საგზაო ნაწილში იქნებოდა დასრულებული და მოძრაობა ორმხრივად იქნებოდა შესაძლებელი. ახლაც მიმდინარეობს სამუშოები, რომლებიც საღამომდე მთლიანად დასრულდება. პარალელურად მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები და ხვალიდან, 1-ელი თებერვლიდან როგორც დაგპირდით, წერეთლის გამზირზე მოძრაობა იქნება ორმხრივად აღდგენილი და გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი.
კიდევ ერთი განახლებული გამზირი შეემატება დედაქალს, რაც, რასაკვირველია ყველას გვახარებს. თუმცა, ალბათ, სწორი ვიქნებოდი თუ ვიტყოდი, რომ ყველას უნდა გვახარებდეს, რომ ასეთი პროექტები ხორციელდება ჩვენს ქალაქში. ის მუდმივი ისტერიკა, პანიკის თესვა, ლანძღვა, ცილისწამება, რაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თან სდევდა წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, სხვა არაფერია თუ არა სიძულვილი საკუთარი ქალაქის და თანაქალაქელების მიმართ“, – განაცხადა კალაძემ.
16 იანვარს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიებთან – „მილენიუმ ბილდერს გრუპი” და „ერ ტე დე” ხელშეკრულებები გაწყვიტა.
მერიამ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა და გამოავლინა 4 კომპანია, რომლებიც სამუშაოებს დაასრულებს.
შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა გაფორმებული ხელშეკრულებები.
17.5 მილიონი ლარი სწორედ მათზე გადანაწილდება:
- „ბლექ სი გრუპი” — 4 მილიონი ლარი;
- „პარმა” — 5.6 მილიონი ლარი;
- „ენკო” — 3.5 მილიონი ლარი;
- „ჯეუ გრუპი” — 4.4 მილიონი ლარი.
კონტრაქტორებმა სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში უნდა აწარმოონ.