პარტია „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ამერიკელი კონგრესმენი პიტ ოლსონი გააკრიტიკა. წარმომადგენელთა პალატის წევრმა პიტ ოლსონმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს პუტინის მარიონეტი უწოდა და კონგრესმენებს მოუწოდა, საქართველოში საპროტესტო მოძრაობას მხარი დაუჭირონ.
კახა კალაძის თქმით კი, ამერიკელი კონგრესმენების განცხადებები საქართველოსთან „მეგობრულ ურთიერთობას სცდება“ და სტრატეგიული პარტნიორის კანონმდებლებისგან ასეთი ტონის კომენტარები მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
„განცხადებები, რომელსაც ჩვენ ვისმენთ, სცდება ყოველგვარ მეგობრულ ურთიერთობას. იცით, რომ ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, შესაბამისად, სტრატეგიული პარტნიორის კანონმდებლები ასე არ უნდა ესაუბრებოდნენ მეგობარ ქვეყანას. მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ერთი საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანიას. ჯერ კიდევ ჩემი მინისტრობის დროს არსებობდა ეს პრობლემა და მე ძალიან კარგად ვიცი, რას წარმოადგენს კონკრეტულად ეს კომპანია. „ფრონტერა“ მაქვს მხედველობაში“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კალაძის თქმით, „ფრონტერას“ წინააღმდეგ საარბიტრაჟო საქმის წარმოებაა დაწყებული და დარწმუნებულია, რომ კომპანია ამ დავაში დამარცხდება. ეს იციან კონგრესმენებმაც, რომლებმაც, მერის აზრით, „ფრონტერას“ ლობიზმი გააძლიერეს.
„ჩვენ აუცილებლად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს და აუცილებლად დავიცავთ ჩვენს კომპანიებს, როდესაც მართლები ვართ. საქმე არის სერთაშორისო არბიტრაჟში და დარწმუნებული ვარ, ნავთობისა და გაზის კორპორაცია ამ დავაში გაიმარჯვებს. კატეგორიულად მიუღებელია ეს ტონი და კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის განცხადებები“, – განაცხადა კალაძემ.