თბილისის მერიის სხდომაზე კახი კალაძე გამოეხმაურა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ კადრებს. მისი თქმით, ტელევიზიით გასულ კადრებში ჩანდა, რომ თბილისის სატრანსპორტო მონიტორინგის თანამშრომლები კანონის სრული დაცვით ახორციელებენ თავიან უფლებამოსილებას და, ე.წ. გამტარებლების კონტროლი მათი მოვალეობაა.
„კერძოდ, ისინი სხვა მოვალეობებთან ერთად აკონტროლებენ, ე.წ. გამტარებლებს, რომლებიც კანონდარღვევით ჩვეულებრივ მგზავრებს სთავაზობენ საკუთარ აბონემენტს, ან სხვის აბონემენტს, ვინც სარგებლობს შეღავათიანი ბარათებით, ატარებენ ადამიანებს და მათგან იღებენ თანხას. გაატარებს და ართმევს თანხას. ეს კანონდარღვევაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს აღმოიფხვრას. ასეთ შემთხვევებში ბარათები იქნება ბლოკირებული. ასეთი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში კონტროლიორს აქვს უფლება ჩამოართვას ბარათი და დაბლოკოს. მედიებს მოვუწოდებ, ნუ ეცდებიან კანონდარღვევის წახალისებას“, – განაცხადა კალაძემ.