თბილისის მერი, კახა კალაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას კვლავ „პოზიტიურად” აფასებს – ცნობისთვის, სერგეი ლავროვმა ოკუპირებული ტერიტორიები „ქვეყნებად” მოიხსენია და თქვა, რომ „მოსკოვი მზადაა, საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ქვეყნებს ურთიერთობის ნორმალიზებაში დაეხმაროს“.
„რაც შეეხება შერიგებას, ცუდი რა არის ამ პროცესში? პოზიტიურია ის ფაქტი, რომ ისინი ხელს შეუწყობენ შერიგების პროცესს. ვფიქრობ, რომ ყველა აცნობიერებს დაშვებულ შეცდომებს, რომელიც წლების წინ მოხდა. ჩვენ არ უნდა მოგვერიდოს ამაზე საუბარი და იმ მოჯადოებული წრიდან გამოსვლა, რომელიც დესტრუქციულმა, რადიკალურმა და ბოროტმა ძალამ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა. მათ მეორე ვირტუალური სამყარო შეგვიქმნეს თავის პატრონებთან ერთად და მოჯადოებულ წრეზე გვატარებდნენ. სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ”, – თქვა კალაძემ,
აქვე, ის აღნიშნავს, რომ „პოზიტიური განცხადების” პარალელურად „ქმედითი ნაბიჯებიც” უნდა გადაიდგას. კერძოდ, კალაძე ამბობს:
„განცხადება პოზიტიურია, თუმცა, ამის პარალელურად ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. აფხაზეთში არის რუსული ბაზები. თუნდაც, დავიწყოთ საუბარი სამოქმედო გეგმის შექმნაზე, რათა მოხდეს დეოკუპაცია, ჯარების გაყვანა. არ მეგულება არცერთი ადამიანი, ვისაც სამშობლო უყვარს, რომ მისი ოცნება არ იყოს ქვეყნის გამთლიანება“, – განაცხადა მან.
რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, „საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობის ნორმალიზების პროცესში დაეხმაროს, თუ ქვეყნები ამით დაინტერესებულები არიან“ – ინფორმაციას Ria.ru ავრცელებს.
გაეროს გენერალური ასამბლეის პრესკონფერენციაზე ლავროვმა განაცხადა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება წარსულს უბრალოდ სამართლიანად აფასებს.
ლავროვის თქმით, „ოცნებამ“ განაცხადა, რომ მათ სურთ ისტორიული გაერთიანება და თუ რა ფორმით მოხდება ეს, თავად „ქვეყნებმა – აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა – უნდა გადაწყვიტონ“.