„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება პოზიტიურად აფასებს სერგეი ლავროვის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ რუსეთი მზადაა, „საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობის ნორმალიზების პროცესში დაეხმაროს, თუ ქვეყნები ამით დაინტერესებულები არიან“. ამავე განცხადებაში ლავროვი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს საქართველოს მეზობლებად იხსენიებს.
კალაძის კომენტარს მისი პრესსამსახური ავრცელებს.
„რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება პოზიტიურად აფასებს აღნიშნულ განცხადებას. ის, რომ რუსეთი მიესალმება და ხელს შეუწყობს, რათა მოხდეს შერიგება, ეს რა თქმა უნდა, პოზიტიურია. თუმცა, მე ვიტყოდი, რომ ამ განცხადებებთან ერთად კარგი იქნებოდა უკვე ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. მაგალითად, თუნდაც ჩვენი ტერიტორიების გარკვეულ ნაწილზე, რომელიც ოკუპირებულია და დღეს რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული, ამ განცხადებებთან ერთად, პარალელურად, კარგი იქნება, რომ დაიწყოს თუნდაც სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომ მოხდეს ამ ნაწილების, ჯარის გაყვანა საქართველოს ტერიტორიებიდან.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს ოს და-ძმებთან მოხდეს შერიგება. მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, ურთიერთ მიტევებით შეგვიძლია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და თანაცხოვრება“, – რელიზის მიხედვით, აღნიშნა კახა კალაძემ.
რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, „საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობის ნორმალიზების პროცესში დაეხმაროს, თუ ქვეყნები ამით დაინტერესებულები არიან“ – ინფორმაციას Ria.ru ავრცელებს.
გაეროს გენერალური ასამბლეის პრესკონფერენციაზე ლავროვმა განაცხადა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება წარსულს უბრალოდ სამართლიანად აფასებს.
ლავროვის თქმით, „ოცნებამ“ განაცხადა, რომ მათ სურთ ისტორიული გაერთიანება და თუ რა ფორმით მოხდება ეს, თავად „ქვეყნებმა – აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა – უნდა გადაწყვიტონ“.
„ისინი საქართველოს მეზობლები არიან, თუ ყველა მხრიდანაა ინტერესი, ნორმალიზდეს ეს ურთიერთობები, შესრულდეს აგრესიის არგამოყენების შეთანხმება… ჩვენ მზად ვიქნებით, დავეხმაროთ, თუ მხარეები დაინტერესებულები იქნებიან“, – განაცხადა ლავროვმა.