კალაძე ლოჩოშვილის განცხადებაზე - არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა, ივანიშვილისთვის მადლობის მეტი რა გვეთქმის

პუბლიკა

„ბიძინა ივანიშვილი რომ ნაკრებს ფულად ჯილდოს გადასცემს, როგორ შეიძლება ეს ადამიანს არ მოეწონოს ან დაიბოღმოს?“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.

იგი გამოეხმაურა საქართველოს ნაკრების მცველის, ლუკა ლოჩოშვილის განცხადებას, რომელმაც ივანიშვილის მიერ ნაკრებისთვის თანხის გადაცემაზე თქვა, რომ „კარგი ჟესტია, მაგრამ არა ფულისთვის, არამედ ქვეყნისთვის თამაშობენ“.

კალაძემ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. 

„მადლობის მეტი რა გვეთქმის ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახზე, ამ გადაწყვეტილებაზე?! ჩვენი სპორტსმენების დაფასება ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა მას, მის ოჯახს, ფონდ „ქართუს“. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით. შემდეგი შეხვედრა გვაქვს ესპანეთთან და ამ შეხვედრის მოგების შემთხვევაში, ნაკრები მიიღებს 30 მილიონ ლარს ჯილდოს სახით, რაც მისასალმებელია.

როგორ შეიძლება ეს ადამიანს არ მოეწონოს ან დაიბოღმოს?! ბრიყვები არიან. ტყუილად კი არ უთხრა ჩვენმა მაგარმა მწვრთნელმა, ბრიყვები ხართო. შესაბამისად, ისინი ქვეყნის მტრები არიან. მათ არც ნაკრების წარმატება უხარიათ. გახსოვთ, ჩვენი ნაკრები მაკედონიასთან როცა დამარცხდა, რა განცხადებებს აკეთებდნენ და რა სტატუსებს წერდნენ. თუმცა, მათ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ“, – თქვა კალაძემ.

მისი თქმით, ფეხბურთელ ლუკა ლოჩოშვილის განცხადებას  არასწორი ინტერპრეტაციები მოჰყვა. 

„რაც შეეხება ლუკა ლოჩოშვილის განცხადებას, ფეხბურთელისთვის, როდესაც ამხელა დონეზე თამაშობ, რა თქმა უნდა, ფინანსურ მხარეს ნაკლები მნიშვნელობა აქვს. ფეხბურთელებს თუ ფულს არ გადაუხდიან, არ მოიგებენ თამაშს?! –  ზუსტად ეს თქვა ლუკა ლოჩოშვილმა, მაგრამ ამ ყველაფრის არასწორად ინტერპრეტაცია, პოლიტიკურად გამოყენება მოხდა. ჯილდოს გარშემო მსგავსი საუბრები, არის  ბრიყვობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.