კალაძე მედიას: არც მე მაქვს ვალდებულება, თქვენთან ვიდგე და ვუპასუხო თქვენს შეკითხვებს

პუბლიკა

ქალაქის მთავრობის სხდომაზე მედიასთან ურთიერთობის გადახედვაზე გაკეთებული განცხადების გამო ქალაქის მერს კითხვები დაუსვეს.

კახა კალაძის თქმით, თუ მედია არ გააშუქებს იმ ღონისძიებებს, რომელთა გასაშუქებლადაც  მათ მუნიციპალიტეტი იწვევს, მერიამ შესაძლოა გადახედოს მედიასთან ურთიერთობას და მიიღოს კონკრეტული ზომები.

„ეს ქალაქი ხომ ყველასია. შევთანხმდეთ ერთ რამეზე, თუ თემა არ გაინტერესებთ, მაშინ ნუ მობრძანდებით. რატომ მოდიხართ, თუ არ აშუქებთ კონკრეტულ საქმეს. ვერ ვითანამშრომლებთ, სხვა ბერკეტი მე არ გამაჩნია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე – რა სახის ზომებს შეიძლება ჰქონდეს ადგილი? – კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ამას მომავალში ვნახავთ.

„რა ფორმა ექნება, ამას ვნახავთ, თუ ეს გაგრძელდება. ეს არის მიღებული პრაქტიკა, ღონისძიებაზე ხართ დაპატიჟებული და უნდა გააშუქოთ ეს კონკრეტული ღონისძიებები. ჩვენს სამსახურს აქვს გაკეთებული მონიტორინგი და არცერთი ღონისძიება არცერთ საინფორმაციოში არ არის.

არც მე მაქვს ვალდებულება, თქვენთან ვიდგე და ვუპასუხო თქვენს შეკითხვებს. ჩემს განცხადებებს საზოგადოება მოისმენს. ამის პრობლემას მე არ შევქმნი“, – განაცხადა თბილისის მერმა.