თბილისის მერი და „ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე გამოეხმაურა მერიის 140-ზე მეტი თანამშრომლის განცხადებას, რომლითაც ისინი „ოცნების“ გადაწყვეტილებას გაემიჯნენ.
„ჩემთვის ესეც გასაგებია. ჩვენ წინა კვირას, მერიაში გამოვაცხადეთ რეორგანიზაცია. ამიტომ, კარგია, თვითლუსტრაციაა. ყველას თავისი გზა აქვს. ეს ადამიანები ირჩევენ ამ გზას. ეს მათი გადასაწყვეტია. ამას ველოდებოდი კიდეც, გულწრფელად გითხრათ, იმიტომ, რომ რეორგანიზაცია გამოცხადებული გვაქვს, ბევრი ცვლილება და გადაადგილება იგეგმება. ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს ღმერთმა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მის კომენტარს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
თბილისის მერიის 140-ზე მეტი თანამშრომელი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ემიჯნება და ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
„ჩვენ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას და მის გამომწვევ ყველა მიზეზს. ჩვენი მოსაზრებით, ეს გადაწყვეტილება არაა თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან, რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლში აისახა. ჩვენ, ვიყავით, ვართ და ვრჩებით ჩვენი მოქალაქეების, კონსტიტუციის, იმ ევროპული ღირებულებებისა და კურსის ერთგულნი, რომელიც საქართველოს აქვს არჩეული და ჩვენი საქმიანობის ფარგლებში ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ხელშეწყობას“, – წერია განცხადებაში.
28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ „ქართული ოცნება” გაწევრების შესახებ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს. მისი თქმით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს და ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.
ამ გადაწყვეტილებას მესამე დღეა თბილისსა და სხვა ქალაქებში მოქალაქეები აპროტესტებენ. პარლამენტთან აქციებზე ჯამში 150-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. სპეცრაზმი იყენებს წყლის ჭავლს, ცრემლმდენ გაზს, წიწაკის სპრეის, სცემს აქციის მონაწილეებს.