კალაძე „მგზავრებზე“: ყოველ კვირას რუსეთში რომ დადიხარ და რუბლებს იღებ, რა ევროპაზე გველაპარაკები

პუბლიკა

თბილისის მერი, კახი კალაძე ჯგუფ „მგზავრების“ განცხადებას, რომ მერიის ორგანიზებულ ზღვისუბნის პარკის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობას არ მიიღებენ, ფარისევლურს უწოდებს. ჯგუფმა სოციალურ ქსელში დაწერა: „მივმართავთ ჩვენს გულშემატკივარს, კონცერტი გაუქმებულია. საქართველოს მომავალი ევროპაშია“.

კალაძემ თქვა, რომ ჯგუფმა გადაწყვეტილება „ზეწოლის შედეგად“ მიიღო.

„ღირსება არ უნდა დაკარგო, სადაც არ უნდა იყო, როგორც არ უნდა იყო, ღირსება უნდა შეინარჩუნო, ხომ?! რატომ არის ფარისევლური, ყოველ კვირას რუსეთში რომ დადიხარ და რუბლებს რომ იღებ, რა ევროპაზე გველაპარაკები, რა ევროპულ მომავალზე გველაპარაკები, ერთი სიტყვა არ უხსენებიათ ოკუპაციასთან დაკავშირებით. […] თვითონ განაცხადეს მიუღებელიაო და ჩვენი გზა ევროპაშიაო, თითქოს ქვეყანა სხვაგან მიდიოდეს, მაგას ვამბობ, ეს არის ფარისევლობა-მეთქი“, – ამბობს კალაძე.

თბილისის მერიამ 17 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზღვისუბნის პარკის გახსნის ღონისძიებაზე ჯგუფი „მგზავრები“ იმღერებდა. ღონისძიება 20 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. ამავე დღეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით, დაგეგმილია მარში – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“. ჯგუფმა 17 ოქტომბერს განაცხადა, რომ კონცერტი გაუქმებულია. მერიამ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც უწყება წუხს, რომ „მგზავრებმა“ „ვერ გაუძლო იმ ბულინგს, რომელიც ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგ მოაწყვეს“.