კალაძე მოზარდის დაღუპვაზე: „რიყის დოქების“ შენობაში მოხდა, კერძო საკუთრებაა

პუბლიკა

თბილისის მერი კახა კალაძე რიყეზე 16 წლის მოზარდის დაღუპვას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს ე.წ. რიყის დოქების შენობაში მოხდა, რომელიც კერძო ტერიტორიაა და მუნიციპალიტეტი იქ უსაფრთხოების ზომებს ვერ აკონტროლებს.

„ეს საშინელი ფაქტი მოხდა ე.წ. რიყის დოქების შენობაში, რომელიც არის კერძო საკუთრება და იყო დაკეტილი. სხვა დანარჩენ დეტალზე საუბარს აღარ გავაგრძელებ, ოჯახის ტკივილიდან და იმ უბედურებიდან გამომდინარე, რაც მოხდა“, – თქვა მან პრესსამსახურის მიერ გავრცელებული რელიზის მიხედვით.

ამავე რელიზით, ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ არ გააკონტროლა აღნიშნული ობიექტი თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ, კახა კალაძე პასუხობს, რომ ეს ცდება უწყების კომპეტენციას, რადგან ტერიტორიაზე ამ ეტაპზე მშენებლობა არ მიმდინარეობს.

„რა უსაფრთხოებაზე საუბრობთ? ეს არის კერძო საკუთრება, დახურული შენობა- ნაგებობაა, სადაც ჯერ არც მშენებლობის ნებართვაა გაცემული და არც მშენებლობა მიმდინარეობს. შენობა დაკეტილია და არ ფუნქციონირებს. როდესაც საკუთარი სახლი გაქვთ დაკეტილი, სადაც არ ცხოვრობთ, იქ მუნიციპალური ინსპექცია ვერ დადგება და ვერ დაიცავს“, – განაცხადა კალაძემ.


მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ 16 წლის ბიჭი რიყის პარკში დაიღუპა. მედიის ცნობით, ის ე.წ. რიყის დოქებთან თხრილში ჩავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მერიის თქმით, ტრაგედია მოხდა კერძო ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობაში.