კახა კალაძის თქმით, ეროვნული ნაკრების გადასაწყვეტია, რამდენად უღირთ ასეთი ორდენები, როცა პრეზიდენტმა მათი კოლეგები გამოტოვა.
თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ განკარგულებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ღირსების ორდენით 40 ადამიანი დაჯილდოვდება.
საქართველოს პრეზიდენტმა 13 ივნისს განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების დაჯილდოების აქტი მაისში გამოსცა, ჯილდოების გადაცემის ცერემონია კი სექტემბერში გაიმართება.
ამასთან, გამოაქვენა შესაბამისი განკარულებები [1 და 2], რომელშიც იმ ადამიანების სიაა, ვინც ღირსების ორდენით დაჯილდოვდება. ჯამში მათი რიცხვი 40-ია.
მანამდე მმართველი პარტიის წევრებმა თქვეს, რომ პრეზიდენტი უარს ამბობს ფეხბურთელების და ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოებაზე.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 27 მარტს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ ფეხბურთელები და ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენზე წარადგინეს.
როგორც თავად თქვეს, დოკუმენტში, რომელიც მათ პრეზიდენტს გადაუგზავნეს, 53 ადამიანია წარდგენილი.
კახა კალაძის თქმით, ფეხბურთელების გადასაწყვეტია, რამდენად უღირთ ორდენები მაშინ, როცა მათი კოლეგები ჯილდოს გარეშე რჩებიან.
“არ ვიცი, რა დგას ამას უკან. […] უამრავი ადამიანია გამოტოვებული. ეროვნული ნაკრების გადასაწყვეტია, რამდენად უღირთ ასეთი ორდენები, როცა თავიანთი კოლეგები, ადამიანები, რომლებიც მათთან ერთად იბრძოდნენ, გამოტოვეს. ეს წარმოუდგენელია”. – თქვა კახა კალაძემ.