კალაძე პასუხობს კითხვას, რატომ დახურა მილიონიანი ანგარიშები შვეიცარიულ და იტალიურ ბანკებში

პუბლიკა

თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე ამბობს, რომ არ ენდობა ევროპულ ბანკებს, ვინაიდან მათ „გაძარცვეს ბიძინა ივანიშვილი”.

ასე უპასუხა მან  ჟურნალისტის შეკითხვას, რატომ აღარ აქვს ევროპულ ბანკებში ის თანხა, რომლებიც წინა წლებში სწორედ დასავლურ ფინანსურ კომპანიებში ინახებოდა.

„ჩემს ფინანსებზე ნუ ინერვიულებთ. რეალობა სახეზეა, ნახეთ, ბიძინა ივანიშვილთან როგორი დამოკიდებულება აქვთ უცხოურ ბანკებს – გაძარცვეს. ადამიანმა, რომელმაც ყველანაირი სასამართლო მოიგო, თანხებს არ უბრუნებენ. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. […]

რატომ უნდა შევინახო – ბიძინა ივანიშვილთან როგორი დამოკიდებულება აქვთ და რა უქნეს ადამიანს, ხო? გაძარცვეს. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გაძარცვეს და რატომ უნდა ვენდო? რა თქმა უნდა, არ ვენდობი”. – თქვა კახა კალაძემ.

2024 წლის 31 იანვარს ჩაბარებული ფინანსური დეკლარაციის თანახმად, რომელიც 2023 წლის მდომარეობას ასახავს, კახა კალაძეს თანხა მხოლოდ ქართულ ბანკებში აქვს: „თიბისი ბანკში“, „საქართველოს ბანკსა“ და „ქართუში“.

მის უახლეს დეკლარაციაში არ არის ასახული არც ის, რაც ჩანდა წინა წლებში, კერძოდ:

2022 წლის 31 იანვარს ჩაბარებულ დეკლარაციაში, რომელიც ასახავს 2021 წლის მდგომარეობას, ასახული იყო შემდეგი თანხები:

  • შვეიცარიული ბანკი Julius Baer – ანგარიშის ან/და შენატანის სახეობა მიმდინარე 765000 USD (+)
  • შვეიცარიული ბანკი Julius Baer – ანგარიშის ან/და შენატანის სახეობა – მიმდინარე 3 672 375,21 EUR (+)

ამ ინფორაციას ვერ ვხვდებით მის შემდგომი წლების დეკლარაციებში.

ასევე, 2023 წლის 31 იანვარს ჩაბარებულ ფინანსურ დეკლარაციაში, რომელიც ასახავს 2022 წლის მდგომარეობას, მითითებული იყო:

  • იტალიური ბანკი ინტეზა სან პაოლო – ანგარიში მიმდინარე 4200000 USD (+)

ამ დეკლარაციაში ვეღარ ვხვდებით ინფორმაციას Julius Bear-ში გახსნილი ანგარიშების შესახებ.

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ბოლო 8 წელია, უკვე გაკოტრებული შვეიცარიული ბანკიდან, Credit Suiss-დან 2 მილიარდი აშშ დოლარი მისი ყოფილი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის მიერ ჩადენილი თაღლითური ქმედებების გამო დაკარგა.

2017 წელს ივანიშვილმა სარჩელები შეიტანა სინგაპურში, ბერმუდის კუნძულებსა და ახალ ზელანდიაში. ამ ქვეყნებს შორის სასამართლომ ივანიშვილის სარჩელები განხილვაში მიიღო სინგაპურისა და ბერმუდის სასამართლოებმა.

Forbes-ის თანახმად, 2022 წლის დეკემბერში Credit Suisse-მა ივანიშვილს $210 მილიონი დოლარი გადაუხადა.

2023 წელს სასამართოებმა ივანიშვილს ასევე მიაკუთვნეს 607 და 743 მილიონი დოლარის კომპენსაციები. თუმცა, ეს გადაწყვეტილებები UBS/Credit Suisse-მა ზემგომ ინსტანციებში გაასაჩივრა. სინგაპურის სასამართლომ თავისი წინა ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ფაქტობრივი დასავლური საქნციების ქვეშაა, ვინაიდან მას „გაუყინეს 2 მილიარდი დოლარი და აიძულებენ, მიიღოს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტლებები”.