კალაძე: პიკის საათებში M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა შეიზღუდება

პუბლიკა

კახა კალაძის თქმით, მერია მუშაობს ახალ ინიციატივაზე, რომელიც პიკის საათებში დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვას ეხება.

წესის ამოქმედების შემთხვევაში, მისივე განმარტებით,  ეს გულისხმობს 08:00-11:00 და 17:00-20:00 საათების შუალედში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის შეზღუდვას.

კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ ქალაქში საცობებს ქმნის, როგორც ავტომობილების გაზრდილი რაოდენობა, ასევე დიდი სატვირთო ავტომანქანები.

„პიკის საათებში ხშირად ვხვდებით დიდ სატვირთო ავტომანქანებს. ისინი თავიანთი გაბარიტებით, მოცულობით კიდევ უფრო აფერხებენ გადაადგილებას და ამასთან, ზრდიან საავარიო სიტუაციების ალბათობას, რაც თავის მხრივ, ხანგრძლივად აფერხებს საგზაო მოძრაობას…

ამასთან, მანქანების მოძრაობა აიკრძალება არა მთელი ქალაქის მასშტაბით, არამედ მხოლოდ ქალაქის გარკვეულ ტერიტორიაზე, იმ მონაკვეთებში, სადაც პიკის საათებში დიდია ნაკადები და გადაადგილება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. მოხდება ორგანიზება, რომელმა სექტორმა რომელ საათში უნდა იმოძრაოს, რომ ყველამ ერთად არ მოიყაროს თავი. ეს შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათს და კვირას, შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებში. ასევე, არ იმოქმედებს აგვისტოში. ვფიქრობთ, რომ აგვისტო იყოს გადაადგილებისთვის თავისუფალი, რადგან, როგორც წესი, ამ პერიოდში ქალაქი შედარებით თავისუფალია, მოსახლეობა გადის დასასვენებლად და ამიტომ, ეს გამონაკლისი შესაძლებელია რომ დაშვებულ იქნას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, აღნიშნული შეზღუდვის დაწესებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბიზნესსექტორთან. მისივე თქმით, ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.