კალაძე: რად უნდა რუსეთის დაზვერვის განცხადება, ოპოზიციონერები პირდაპირ რევოლუციას ქადაგებდნენ

პუბლიკა

„ამას რად უნდა რუსეთის დაზვერვის განცხადება?! აგერ ოპოზიციონერები გამოდიოდნენ, პირდაპირ რევოლუციას ქადაგებდნენ”. – თქვა თბილისის მერმა და „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადების შესახებ დასმული კითხვის პასუხად.

რუსულმა უწყებამ დღეს გავრცელებულ განცხადებაში გაიმეორა 9 ივლისის პროპაგანდისტული ნარატივი და თქვა, რომ „აშშ საქართველოში ფერადი რევოლუციის მოწყობას გეგმავს”.

„რატომ ხართ ასე ძალიან მიჯაჭვული რუსეთის სპეცსამსახურების განცხადებებზე? ესეც ძალიან ბევრ კითხვას ბადებს თქვენთან და ზოგადად, ოპოზიციასთან მიმართებაში. ამას რად უნდა რუსეთის დაზვერვის განცხადება?! აგერ ოპოზიციონერები გამოდიოდნენ, პირდაპირ რევოლუციას ქადაგებდნენ. პირდაპირ ასწავლიდნენ და ატრენინგებდნენ, როგორ უნდა მომხდარიყო ქვეყანაში რევოლუცია. ამას რად უნდა ვინმე სხვა ქვეყნის დაზვერვის სამსახურის განცხადება?! – პირდაპირ გამოდიოდნენ და ტელევიზიით საუბრობდნენ ამაზე. მე ხომ არ ვიგონებ?”. – თქვა კახა კალაძემ.

რუსული დაზვერვის უწყებისა და რუსეთის მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის შესახებ დასმული კითხვის პასუხად კალაძემ დანიის მთავრობაც გააკრიტიკა.

„საქართველოს საქმეებში ვერ ჩაერევა ვერც რუსეთი, ვერც ამერიკა და ვერც დასავლეთი. ამისი მცდელობა არის არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებით. დანიის მთავრობა, რომელიც აფინანსებს ოპოზიციური სპექტრის გასვლებს რეგიონებში და პირდაპირ ჩართულია საარჩევნო კამპანიაში, ეს ნორმალურია?”. – თქვა კახა კალაძემ.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადების თანახმად, აშშ-ის მიერ დაგეგმილი ფერადი რევოლუციების ნაწილია ის, რომ „ქართული პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები აგროვებენ უამრავ მოხალისეს ხმის მიცემის პროცესის მონიტორინგისთვის”.

„მათ ევალებათ, გამოავლინონ და აღრიცხონ ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების „გარდაუვალი ფაქტები“, – წერს რუსული დაზვერვა.

რუსული უწყებისვე მტკიცებით, „თბილისის მაიდანზე” იგეგმება კენჭყრის დროს „გაყალბების მტკიცებულებების” გამოქვეყნება, არჩევნების შედეგების არაღიარებას და ხელისუფლების შეცვლას.

„სამართალდამცველები პროვოცირებულები არიან, ჩაახშონ პროტესტი ძალის გამოყენების გზით”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებაში. 

„ამასთან ერთად, ამერიკელები წინასწარვე ამუშავებენ ვარიანტებს, რათა „დაუნდობელი” პოლიტიკური და ეკონომიკური რეაგირება მოახდინონ სამართალდამცველების მხრიდან „მშვიდობიან მოქალაქეების” წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამო”, – აცხადებს რუსული უწყება.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ასევე აღნიშნავს:

„მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას” შეუძლია, 26 ოქტომბრის არჩევნებზე მოსახლეობის დამაჯერებელი მხარდაჭერა მიიღოს, რადგან ოპოზიცია, ამერიკელების მცდელობის მიუხედავად, დაყოფილია, ხოლო სხვადასხვა ძალის მიერ შექმნილი კოალიციები კი – ძალიან მყიფე.

აშშ-ში შიშობენ, რომ ეს მმართველ პარტიას მისცემს შესაძლებლობას, განანრძოს თავისი სუვერენული კურსი და უარი თქვას დასავლეთის მოხოვნების შესრულებაზე, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს”.