თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ რუსული კანონის გამო ქვეყნის დასანქცირებაზე საუბარი არის „გაუგებარი” და „შანტაჟი”. მისი თქმით, არ არსებობს მიზეზი, რატომ უნდა დასანქცირდეს ქვეყანა.
„ჩნდება კითხვა, რატომ უნდა იყოს დასანქცირებული ჩვენი ქვეყანა, ამის არანაირი მიზეზი არ არსებობს. უბრალოდ აბსოლუტურად გაუგებარია, ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟი, მუქარა, მე ასე შევაფასებდი”, – განაცხადა მან.
მსგავსი განცხადება გააკეთა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემაც, რომელმაც თქვა, რომ რუსული კანონპროექტის მიღების გამო ქვეყნისთვის სანქციების დაწესებას არ ელოდება.
მისი თქმით, თუ ვიღაცამ მაინც ამის გამო ქვეყნისთვის სანქციების დაწესება განიხილა, „ეს იქნება წარმოუდგენელი უსამართლობა“.
9 აპრილს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით არაფერს იტყვის იმ პოტენციურ ნაბიჯებზე, რომლებსაც აშშ გადადგამს, თუ რუსული კანონპროექტი კანონად იქცევა. თუმცა, გამოხატა შეშფოთება და აღნიშნა, რომ ის საქართველოს გადაიყვანს ევროპული გზიდან.
„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს.
მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით, ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.
რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.
პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.