„რეორგანიზაცია გვაქვს დაწყებული და კიდევ ბევრი ადამიანი გათავისუფლდება, ვინც თავის უფლება-მოვალეობას ვერ ასრულებს, პოლიტიკური შეხედულებების გამო არავის ვუშვებთ“, – ამის შესახებ თბილისის მერმა მედიასთან ისაუბრა, სადაც ის შეეხო თბილისის მერიიდან გათავისუფლებული თანამშრომლების საკითხს.
„როდესაც შენს თანამშრომელს ხელშეკრულების ვადა ეწურება, იღებ გადაწყვეტილებას, გჭირდება თუ არა, ან ასრულებს თუ არა სამსახურებრივ მოვალეობას შესაბამის დონეზე…
ჩვეულებრივი სისულელეა, რომ თანამშრომლებს პოლიტიკური ნიშნით ვუშვებთ. ჩვენ დედაქალაქის მერიაში რეორგანიზაცია გვაქვს დაწყებული და კიდევ ბევრი ადამიანი გათავისუფლდება, ვინც გასათავისუფლებელია და თავის უფლება- მოვალეობას ვერ ასრულებს.
ასევე, ზოგიერთ თანამშრომელს დაუმთავრდა ხელშეკრულება. ხელმძღვანელმა პირებმა მიიღეს გადაწყვეტილება – როდესაც შენს თანამშრომელს ხელშეკრულების ვადა ეწურება, შენ იღებ გადაწყვეტილებას, გჭირდება თუ არა, ან ასრულებს თუ არა სამსახურებრივ მოვალეობას შესაბამის დონეზე, რომელიც შენ და შენს სამსახურს აკმაყოფილებს.
ბევრი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ იმ ადამიანების, რომლებსაც ჰქონდათ და ახლაც აქვთ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, ასევე, ხელი მოაწერეს პეტიციას, თუმცა, ისინი ჩვეულებრივ აგრძელებენ თბილისის მერიაში მუშაობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძის ამ განცხადებას გამოეხმაურა მერიის ორი ყოფილი თანამშრომელი – გიგა სოფრომაძე და თაია მახარაშვილი.
„ავტობუსებში 2017 წლიდან დღემდე ვერ დაიხვეწა უსინათლო პირებისთვის გაჩერებების გამოცხადების სისტემა, რომელიც მერიის გასაკეთებელი იყო და მხოლოდ ჩართვას საჭიროებს… თუმცა, ალაპარაკდა გადახდის აპარატები… და მერი აცხადებს, გიგა არ აკეთებდა საქმესო“, – წერს გიგა სოფრომაძე.
თაია მახარაშვილი კალაძეს უფრო ვრცელი პოსტით გამოეხმაურა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩემი უკანონო გათავისუფლების საქმეზე ველოდები სასამართლოს და თავი არავისთვის შემიწყენია ამ თემაზე ლაპარაკით, ბატონ მერს რატომღაც ვუხსენებივარ სხვა გათავისუფლებულებთან ერთად.
დავაზუსტებ რამდენიმე გარემოებას და ამით მოვრჩები:
1. საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო ჩემი გათავისუფლების ბრძანებაში წერს, რომ შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება. კი არ ამოიწურა, დასრულდა, ვადა გაუვიდა და ა.შ. როგორც უწყების ხელმძღვანელის ციტატიდან ჩანს, არამედ შეწყდა და ბუნებრივია, ვერ ამოიწურებოდა, რადგან ხელშეკრულება უკვე დიდი ხანია უვადოა.
2. თუ არ ვიყავი საჭირო, რატომ არის მითითებული სააგენტოს მიერ მოწოდებულ პირად საქმეში, რომ ყველაზე მეტი ზეგანაკვეთური საათი 2024 წელს მიმუშავია. მარტო ეს ერთი ფაქტიც კი გამორიცხავს ჩემს უფუნქციობას და უსაქმურობას. სხვა უფრო მნიშვნელოვან გარემოებებს, მით უმეტეს, 30 ნოემბრის შემდეგ მომხდარს ჯერ არ მოვყვები.
3. თუ ნაჩქარევი და სხვა ფაქტორებით განპირობებული არ იყო ჩემი გათავისუფლების გადაწყვეტილება, თუ მთელი წელი იცოდით, რომ არ გჭირდებათ კონკრეტული თანამშრომელი, რატომ არ შემატყობინეთ ამის შესახებ პირველ დეკემბერს, ნაცვლად 27 დეკემბრის 17:30 საათისა? ამის გამო რატომ გაისროლეთ ბიუჯეტიდან ორი თვის კომპენსაცია (რომელიც ჯერ კიდევ არ ჩამრიცხია) და არა ერთი თვის, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი, თანამშრომლის ერთი თვით ადრე გაფრთხილების შემთხვევაში.
4. როგორ ვასრულებდი და რა ხარისხით ჩემს მოვალეობას, ამაზე არცერთი თქვენგანის პასუხი არ მჭირდება. ჟურნალისტებიც საკმარისნი არიან, რომლებიც ხშირად მეუბნებოდნენ, რამხელა კომფორტს ვუქმნი ტექსტების, მასალების, განმარტებების მიწოდებით.
5. რაც შეეხება გათავისუფლების რეალურ საფუძველს, ჯერ არ ვაპირებ უფრო მეტის თქმას. სასამართლოში იქნება წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება“, – დაწერა მან და პოსტს თან დაურთო ბრძანება.