კალაძე: როცა კეტავ გზებს, არ გყავს ხალხის საკმარისი რაოდენობა, მოჰყვება რეაგირება

პუბლიკა

თბილისის მერი, კახა კალაძე ეხმაურება პოლიციის მიერ აქციის ძალადობრივად დაშლას და აცხადებს, რომ „არავის მიეცემა შესაძლებლობა საზოგადოებას ხელი შეუშალოს ყოველდღიურ ცხოვრებაში”.

„არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში დაარღვიოს კანონი, მოაწყოს პიკეტირება და საზოგადოებას შეუშალოს ხელი ყოველდღიურ ცხოვრებაში. არსებობს კანონი და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრება. როდესაც შენ მიზანმიმართულად ახორციელებ პიკეტირებას, მიზანმიმართულად კეტავ გზებს, მაშინ, როდესაც არ გყავს ხალხის საკმარისი რაოდენობა, ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება რეაგირება ყოველთვის.

არავის აქვს უფლება, შეურაცხყოფა მიაყენოს პოლიციელს, ვინც არ უნდა იყო. რატომ აყენებ პოლიციელს შეურაცხყოფას? რატომ აგინებ, რატომ ესვრი რაღაცებს? არ არის ეს სწორი ფორმა მაშინ, როდესაც მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი იყო მისული და მომიტინგეებს მიაწოდა კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია. არ არის სწორი პოლიციელის შეურაცხყოფა, გინება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას” ეუბნებიან, რომ დღეს აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანი დააკავა, მათგან 3 ხელწერილით უკვე გათავისუფლებულია.

საპროტესტო აქციაზე, მას შემდეგ, რაც პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავა და დემონსტრანტებმა მელიქიშვილის გამზირზე გადმოინაცვლეს, პოლიციამ ჟურნალისტებზე ფიზიკურად იძალადა.

დაარტყეს „პუბლიკის” ჟურნალისტ მინდია გაბაძეს. ამასთან, ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემდეგ დააკავეს „მთავარი არხის” ოპერატორი, რომელიც ამ დროისთვის თავისუფალია. მას თვალსა და ტუჩის არეში ჩალურჯებები აქვს.

პოლიციურმა ძალებმა ძალის გამოყენებით დაიკავეს ის ადგილი, სადაც ორი დღის განმავლობაში პროტესტის მშვიდობიანი მონაწილეები იყვნენ განთავსებულები.

ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიცია და სპეცრაზმი, დაახლოებით, დილის 06:00 საათის შემდეგ გამოჩნდა. მათ მობილიზებული ჰქონდათ სპეცტექნიკა, მათ შორის ჩანდა წყლის ჭავლის მანქანებიც.

სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს ტერიტორია და ადგილიდან გაიტანეს როგორც მათი ტრანსპორტი, ასევე, კარვები და სხვა ტექნიკა.