კალაძე: როდესაც შეურაცხყოფა ხდება, ამას ყოველთვის მოჰყვება რეაგირება

პუბლიკა

თბილისის მერი კახა კალაძე აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება და ამბობს, რომ „ძალადობას ყოველთვის შესაბამისი პასუხი გაეცემა“.

კალაძის თქმით, როდესაც თანამდებობის პირს ვიღაც შეურაცხყოფას აყენებს, ის თავს ვერ ჩაღუნავს და უსიტყვოდ ვერ წავა.

„დეპუტატი, თანამდებობის პირი არავის ესხმის თავს. რა თქმა უნდა, ვნახე და არავის ეპატიება, არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა. თქვენ ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ თუნდაც პარლამენტარი ან რომელიმე თანამდებობის პირი მოქალაქეს თავს დასხმოდა. არავის აქვს უფლება მივიდეს ადამიანთან, რომელიც თავისთვის ზის, საუზმობს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენოს. ძალადობა ჩემთვის მიუღებელია, არაერთხელ გამიკეთებია განცხადება.

როდესაც შეურაცხყოფა ხდება, ამას ყოველთვის მოჰყვება რეაგირება, ეს ყველამ უნდა გაიგოს. თქვენ ცდილობთ დანერგოთ ტენდენცია, თუ ვინმე თანამდებობის პირს ვიღაც შეურაცხყოფას აყენებს, თავი უნდა ჩაღუნოს და წავიდეს, ეს ვერ მოხდება. ძალადობას ყოველთვის შესაბამისი პასუხი გაეცემა“, – განაცხადა კალაძემ.


მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილი, რომელიც გუშინ, აბუ-დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატებს სიტყვიერად დაუპირისპირდა, დღეს, სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ „ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული მას ფიზიკურად უსწორდებიან.

გაბიტაშვილი Facebook LIVE-ში საუბრობს მომხდარის შესახებ. როგორც ის აღწერს, თავად მეუღლესთან ერთად სასტუმროში საუზმობდა, როცა ზარქუა და სანიკიძე მიცვივდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის ვარაუდობს, რომ დღევანდელი თავდასხმა გუშინ მის მიერ გავრცელებული ვიდეოების პასუხია.

ინტერნეტში ასევე ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს როგორ იწყებენ „ოცნების“ წევრები, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე თავდასხმას მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილზე, რომელიც სასტუმროში ცოლთან ერთად საუზმობდა.

ლაშა გაბიტაშვილმა გუშინ აბუ დაბიში პროტესტი გამოხატა „ოცნების“ წევრების მიმართ, მათ სიტყვიერად დაუპირისპირდა და ვიდეოები სოციალურ ქსელში გაავრცელა. მან „ქართული ოცნების“ დეპუტატებს „გამყიდველები, მონები და მოღალატეები” უწოდა.