კალაძე შაიშმელაშვილზე: რომ არა [აქციის მონაწილეების] მხრიდან ძალადობა, არც ერთ ადამიანს ერთი თმის ღერი არ ჩამოუვარდებოდა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის თქმით, არ მოუსმენია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი შაიშმელაშვილის ინტერვიუ „ტვ პირველთან“ და არ ამბობს, იყო თუ არა ჩართული აქციების დაშლის პროცესში ბიძინა ივანიშვილი.

„ვინ არის შაიშმელაშვილი? არა, არ ვიცი, [ინტერვიუ] არ მომისმენია“, – თქვა კალაძემ.

ჟურნალისტმა მას უთხრა, რომ შაიშმელაშვილის თქმით, აქციების დარბევებს კურირებს ზვიად ხარაზიშვილი, „ხარება“ და არაა გამორიცხული, რომ პროცესში ჩართული ყოფილიყო ივანიშვილი.

„რაც შეეხება აქციებს, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ პოლიცია აბსოლუტურად თავისთვის მდგარი, რომელიც იცავს საზოგადოებრივ წესრიგს ჩვენ ვნახეთ კონკრეტული ფაქტები და არსებობს მაგის უამრავი მაგალითი, როდესაც ძალადობრივი მომიტინგეების წარმომადგენლები მიდიან პოლიციელებთან, აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ფიზიკურ შეურაცხყოფას, ესვრიან მოლოტოვის კოქტეილებს, მძიმე საგნებს, ქვებს, რა თქმა უნდა, ამას შემდეგ ყოველთვის მოჰყვება რეაგირება. მერწმუნეთ, რომ არა ძალადობა, არც ერთ ადამიანს ერთი თმის ღერი არ ჩამოუვარდებოდა“, – თქვა კალაძემ.

ინტერვიუში შაიშმელაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილისა და ხარებას მჭიდრო კავშირების შესახებ მანამდეც იცოდა და „შეიძლება მისგანაც მოდიოდეს ბრძანებები, პირდაპირ“.