ჟურნალისტებთან საუბრის დროს თბილისის მერმა, კახა კალაძემ კვლავ პროპაგანდისტული ნარატივი გაავრცელა.
თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, როგორც კალაძემ დასავლეთის მიერ გადადგმული ნაბიჯების შეფასების დროს თქვა, „ეს ყველაფერი იმის გამო ხდება, რომ დღეს სისხლში გათხვრილები არ ვართ“. მანვე აღნიშნა, რომ პარალელურად, სხვა ქვეყნის ლიდერებს „წითელ ხალიჩაზე ხვდებიან”.
„ის, რომ ჩვენ არ დავიწყეთ ომი და დღეს რომ სისხლში გათხვრილები არ ვართ, ომსა და უბედურებაში არ ვართ და ქვეყანა თავზე არ გვენგრევა, ამის გამო ხდება ეს ყველაფერი. სხვა ქვეყნის ლიდერებს წითელ ხალიჩაზე ხვდებიან, ხელს ართმევენ. მე მტერს არ ვუსურვებ ისეთ შეხვედრებს, ისეთ წითელ ხალიჩებზე სიარულს და ისეთ ხელის ჩამორთმევას. მტერს არ ვუსურვებ იმას, რაც უკრაინელი ხალხის თავს ხდება”, – აცხადებს კალაძე.
ამასთან, კალაძე აფასებს ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ირაკლი კობახიძისთვის მიღების ღონისძიებაზე მიწვევის გაუქმებას და ამბობს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად „ასეთი სიურპრიზი, თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა“ ბევრი იქნება.
„მოულოდნელი არაფერია. უბრალოდ, გასაკვირია ჯერ მოწვევა, შემდეგ კი გაუქმება. ეს, რა თქმა უნდა, იმ კამპანიის ნაწილია, რომელსაც ვხედავთ ბოლო წლებისა და თვეების განმავლობაში”.
აქვე, კალაძე აცხადებს იმასაც, რომ „ოპოზიციას არაფერი ეშველება“ იმ შემთხვევაშიც, სულ რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჩაერთოს კამპანიაში.
„ერთ რამეს გეტყვით, სულ რომ ბაიდენი ჩამოვიდეს საქართველოში და პირდაპირ ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში, ამ რადიკალურ ოპოზიციას არაფერი ეშველება”, – ამბობს კალაძე.
აშშ-ში ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიწვევა გააუქმეს. ინფორმაცია თავდაპირველად „ამერიკის ხმამ” გაავრცელა, მოგვიანებით კი პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა.
აშშ-ში საელჩოში „პუბლიკას” განუმარტეს, რომ მიწვევის გაუქმების, ასევე, ქართულ დელეგაციასთან შეხვედრაზე უარის მიზეზი მთავრობის „ანტიდემოკრატიული ქმედებები, დეზინფორმაცია და აშშ-ის მიმართ ნეგატიური რიტორიკა” იყო.