კალაძე სოფრომაძის გათავისუფლებაზე: ის, რომ პოლიტიკური ნიშნით ვიღაც გათავისუფლდა, არის ტყუილი

პუბლიკა

თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიის შშმ პირთა პროგრამების ყოფილი კოორდინატორის, გიგა სოფრომაძის გათავისუფლებაზე განცხადება გააკეთა.

კალაძის თქმით, სოფრომაძე პოლიტიკური ნიშნით არ გათავისუფლებულა.

„ის, რომ პოლიტიკური ნიშნით ვიღაც გათავისუფლდა, არის ტყუილი და სპეკულაცია. ის არ იყო შტატში, როგორც თანამშრომელი, ის იყო ხელშეკრულებით. ამოეწურა ხელშეკრულების ვადა. ის მუშაობდა შშმ პირების მიმართულებით პროგრამების დანერგვაზე და დღეს ყველა პროგრამას, რომელიც დანერგილია, ჰყავს შესაბამისი ხელმძღვანელი და მისი იქ მუშაობის აუცილებლობა არ იყო. ხელშეკრულება დასრულებულია და ახლის გაგრძელების საჭიროება არ იყო დღის წესრიგში.

ჩვენ არავინ არ შეგვიზღუდავს, უამრავი ადამიანი იყო, ვისაც ჰქონდა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, აქციებზეც დადიოდა, ძალიან ისეთ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა და შეფასებებს, რა ვიცი, ამის ნათელი მაგალითი, თუნდაც ავიღოთ გვარამიას პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც იყო ჩვენი თანამშრომელი. ჩვენ თუ პოლიტიკურად ისეთი მიდგომები გვქონდა, რომ განსხვავებულ აზრს ვდევნიდით, მაშინ მასაც გავათავისუფლებდით, არ გვქონია ასეთი მიდგომა“, – თქვა მან.

აქვე კახა კალაძემ გააკრიტიკა „საჯარო სამსახურების ზოგიერთი თანამშრომელი“ კოლექტიური/საჯარო სამსახურების სახელით გაკეთებული განცხადებების და მისი თქმით, კოლეგების ბულინგის გამო:

„თუმცა რაც გააკეთა საჯარო სამსახურის ზოგიერთმა თანამშრომელმა, იყო მძიმე. შენ შეგიძლია, როგორც საკუთარი სახელით, ნებისმიერი მოსაზრება გამოხატო, მაგრამ როდესაც ამას აკეთებ კოლექტიურად, საჯარო სამსახურის სახელით, აბულინგებ თანამშრომლებს და ამის მტკიცებულებები არის, რომ აყენებ შეურაცხყოფას… ეს ძალიან მძიმე და კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა კალაძემ.

26 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ გიგა სოფრომაძე, რომელიც თბილისის მერიის შშმ პირთა პროგრამების კოორდინატორის პოსტზე მუშაობდა, სოციალურ ქსელში წერს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ის აქვეყნებს დოკუმენტებს, რომელთაგანაც ირკვევა, რომ სოფრომაძესთან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე კახა კალაძეს საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა მიმართა. მიმართვის საფუძვლად წერია, რომ სოფრომაძის შტატგარეშე პოზიცია საჭირო აღარაა, რადგან ჯანდაცვის ყველა პროგრამას ჰყავს კოორდინატორი.

გიგა სოფრომაძე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა, თავისი პოზიცია საჯაროდ არაერთხელ გამოხატა და შეუერთდა საჯარო მოხელეების საპროტესტო გამოსვლებსაც. სოფრომაძე „ოცნებას“ რუსული კანონის პერიოდშიც აკრიტიკებდა.