თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, სპორტის სასახლეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მან თქვა, რომ სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.
კალაძის თქმით, შენობა მუნიციპალური საწარმოს საკუთრებაა, რომელიც 2007 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით მართვის უფლებით კომპანია „ლოჯიკ გრუპს“ გადაეცა. მერის თქმით, ეს ხელშეკრულება ვეღარ პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს და კომპანიასთან მიაღწიეს შეთანხმებას სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებაზე.
„მოწესრიგდება ყველა ძირითადი სივრცე, რაც გულისხმობს იატაკის საფარის, სავარძლების, კედლების, ვიზიტორების საცირკულაციო სივრცეების, გასახდელების, ვიპ-შემოსასვლელების, ავეჯისა და სხვა სივრცეების მოწესრიგება/განახლებას. იქიდან გამომდინარე, რომ სპორტის სასახლე წარმოადგენს ისტორიულ შენობას, მაქსიმალურად შენარჩუნდება ისტორიული მასალები, განსაკუთრებით ბუნებრივი ქვის მოპირკეთება; სპორტის სასახლე აღიჭურვება მისი მრავალფუნქციური დანიშნულებისთვის საჭირო მოწყობილობებითა და სისტემებით, რაც მოიცავს განათების, ხმის, ვიდეო, ეკრანის, სცენის, იატაკის საფარის, ტრანსლაციის, სპეციალური ეფექტებისა და სხვა ტიპის სისტემებსა და მოწყობილობებს.
პროექტის ფარგლებში, ასევე, იგეგმება სპორტის სასახლის გარშემო სარეკრეაციო და ღია სივრცეების ისტორიული ფუნქციის აღდგენა“, – თქვა კალაძემ.
კალაძის თქმით, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა სარეკრეაციო სივრცე, კეთილმოეწყობა მეტროში ჩასასვლელი კიბეები და მიმდებარე სივრცეები, ამავე ტერიტორიაზე მმართველი კომპანია გეგმავს პადელის ღია კორტების მოწყობას, მოწესრიგდება საპარკინგე ზონა და დარეგულირდება სატრანსპორტო გეგმა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე სპორტის სასახლის სტუმრებისთვის.