თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე შეკითხვის პასუხად ამბობს, რომ „საჭიროა, „ოცნებამ“ მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას პრობლემა არ შეექმნას”.
„ვინ გითხრათ? კეზერამ გითხრათ? მავნებლები ხართ, ეწინააღმდეგებით ქვეყნის ტერიტორიულ გამთლიანებას. შემთხვევით არ უსაუბრია ჩვენი პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, რომ მნიშვნელოვანია „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოს. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ გასამართლდეს „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან მათი მოღალატეობრივი ქმედებების შედეგად, დავკარგეთ ტერიტორიები, მშვიდობიანი მოსახლეობა და ჯარისკაცები. ამ ყველაფერს სჭირდება კონსტიტუციური უმრავლესობა, რომ ქვეყანას არ შეექმნას პრობლემები, თუნდაც ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით”. – თქვა კახა კალაძემ.
ტელეკომპანია „ფორმულას“” გადაცემა „დროების” ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის გაეროს ასამბლეაზე გამოსვლის ტექსტში საქართველოს მხრიდან ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან – და არა რუსეთთან – ე.წ. თავდაუსხმელობის აქტის შეთანხმებაზე ხელმოწერისთვის თბილისის მზადყოფნის გამოხატვა განიხილება.
ეს ის მოთხოვნაა, რომლის შესრულებაც უკვე მოითხოვა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
დე ფაქტო ე.წ. უწყების განცხადებით, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა „აფხაზი და ოსი და-ძმებისთვის” ბოდიშის მოხდის მზაობა გამოხატა, დროა, გადაიდგას რეალური ნაბიჯები და რომ ეს რეალური ნაბიჯი „სამომავლოდ გახდება საქართველოს მიერ იურიდიულად სავალდებულო, დოკუმენტირებული უარი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების წინააღმდეგ ძალის გამოყენების შესაძლებლობაზე ან საფრთხეზე”.
„დროების” ინფორმაციით, ჟენევის მოლაპარაკებებზე იმავე მოთხოვნებს აყენებენ რუსეთი და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი.
საქართველოს თავდაუსხმელობის ვალდებულება წლებია, აღებული აქვს, ცალმხრივად, მათ შორის გაეროსა და ევროპარლამენტის ტრიბუნებიდან და ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის წინაშე, როცა ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას.
თუმცა რუსეთი ცდილობს, კონფლიქტის მხარეებად აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმები აქციოს, ხოლო თავად ეს სტატუსი მოიხსნას.
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „პუბლიკასთან” ამბობს, რომ თუ საქართველო ასეთ შეთანხმებას ხელს მოაწერს, ნიშნავს, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე პასუხისმგებლობას ოფიციალურად ჩამოაშორებს.
„რაც გააკეთა ივანიშვილმა ბოდიშის მოხდაზე, რომ რუსეთი გააუქმა და თურმე, მხოლოდ ჩვენ ვართ აგრესორები, ასე არ არის. და თუ ახლა აღმოჩნდება, რომ ჩვენ მზად ვართ, მოვაწეროთ ხელი აფხაზეთსა და ცხინვალთან და რუსეთი არ ვახსენოთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ პასუხისმგებლობას ვაცილებთ რუსეთს”. – თქვა პაატა ზაქარეიშვილმა.
14 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილმა გორში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრისას თქვა, რომ „ომის გამჩაღებელი „ნაციონალური მოძრაობაა“ და ამის „არაერთი სამტკიცი“ არსებობს.
მისივე თქმით, „აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.