კალაძე: ივლისში თბილისში 50 საზაფხულო ბაღი იმუშავებს, რეგისტრაცია 5 ივნისს დაიწყება

პუბლიკა

ივლისის თვეში დედაქალაქში 50 საბავშვო ბაგა-ბაღი იმუშავებს, რეგისტრაცია კი 5 ივნისს, 10:00 საათიდან დაიწყება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ივლისის თვეში მომუშავე 50 საბავშვო ბაღი 18 000-მდე აღსაზრდელს მოემსახურება.

„თბილისში საზაფხულო ბაღების პროექტში წელს სიახლე გვაქვს – ივლისში დედაქალაქში 45-ის ნაცვლად, 50 საბავშვო ბაღი იმუშავებს და 18 000-მდე აღსაზრდელს მოემსახურება.

საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია ელექტრონულად წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე kids.org.ge.

რეგისტრაცია დაიწყება 5 ივნისს, 10:00 საათიდან და გაგრძელდება ივნისის ბოლომდე. ბაღებში ჩაირიცხებიან თბილისის ბაღებში რეგისტრირებული, 2-დან 6 წლამდე ასაკის აღსაზრდელები, მათ შორის ისინიც, ვინც სექტემბერში სკოლებში მიდიან“, – ამბობს კახა კალაძე.

კალაძის თქმით, ბაღების თანამშრომლები გაორმაგებულ ხელფასს მიიღებენ.

„საზაფხულო ბაღების მომსახურებაზე მოთხოვნა დედაქალაქში საკმაოდ მაღალია, რადგან დასაქმებულ თბილისელთა დიდი ნაწილი ივლისში ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებს. ამასთან, პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღებში დასაქმებული თანამშრომლებისთვის, რადგან ისინი საზაფხულო ბაღებში მუშაობისათვის, გაორმაგებულ ანაზღაურებას მიიღებენ. წელს 50 საბავშვო ბაღში 3100-მდე თანამშრომელი იმუშავებს”, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, საბავშვო ბაღები შერჩეულია გეოგრაფიული პრინციპით, „რათა აღნიშნული მომსახურება თბილისის ყველა უბნის მცხოვრებლებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს”. მისივე თქმით, პროექტი 2024 წლის ბიუჯეტიდან 6 მილიონამდე ლარით დაფინანსდება.