კალაძის თქმით, საპილოტე პროექტის ფარგლებში, თბილისში სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის დამდგენი დეტექტორები განთავსდება.
პროექტზე, მისივე თქმით, თბილისის მერიის მუნიციპალურმა სერვისების განვითარების სააგენტომ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად იმუშავა.
„ქალაქში ბოლო პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მხრიდან გახშირდა ხმაურისთვის დაწესებული ნორმების დარღვევა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა საღამოსა და ღამის საათებში. ამ პრობლემით წუხდება მოსახლეობა. საღამოს, ღამის საათებში, როდესაც ადამიანი ისვენებს, ხმაურიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები დისკომფორტს უქმნიან. აქედან გამომდინარე, თბილისის მერიის მუნიციპალურმა სერვისების განვითარების სააგენტომ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, დაიწყო ახალ საპილოტე პროექტზე მუშაობა, რომელიც ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის დამდგენი დეტექტორების დამონტაჟებას.
აქტიურად ვთანამშრომლობთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ერთად განვსაზღვრავთ კონკრეტულ ადგილებს, სადაც აღნიშნული დეტექტორები განთავსდება, ნორმის დამრღვევი სატრანსპორტო საშუალების გამოვლენა და შესაბამისად, დაჯარიმება მოხდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძე ამბობს, რომ ხმაურის დეტექტორები ჰოლანდიური კომპანია Sorama B.V-ს მიერაა დამზადებული.