კალაძე: თბილისში სულ 160 ცალი 18-მეტრიანი ავტობუსი შემოვა, პირველ ეტაპზე კი - 50

პუბლიკა

თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში, რომლის მიხედვით ახალი ავტობუსები უნდა შემოვიდეს ქალაქში, კომპანია „თეგეტა მოტორსმა“ გაიმარჯვა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, 160 ახალი 18-მეტრიანი „ MAN Lion’s City 18C“ მოდელის ავტობუსის შესყიდვა უნდა მოხდეს. ერთეული ფასი  1 618 759 ლარია. დოკუმენტაციის თანახმად, ავტობუსების გამოშვების თარიღი 2023 წელი უნდა იყოს. ავტობუსები 4-კარიანი იქნება და 162 მგზავრს დაიტევს.

თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსები არ მოძრაობს. რამდენიმე წელია საუბარი იყო ამ ავტობუსების შესყიდვის აუცილებლობაზე, თუმცა ეს პროცესი შეფერხებული იყო, რადგან ინფრასტრუქტურა, შესაბამისი ავტობაზა არ არის ქალაქში და ამისთვის ცალკე ტენდერია გამოცხადებული.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვაზე ისაუბრა, თუმცა არ უხსენებია, შესაბამისი ავტობაზა როდის იქნება მზად.

„18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვისთვის გამოცხადებული იყო ტენდერი, რომელშიც „თეგეტა მოტორსმა“ გაიმარჯვა. 15 ივნისს მათთან უკვე გაფორმდა ხელშეკრულება 160 ერთეული 18-მეტრიანი MAN-ის მარკის ავტობუსების. ავტობუსების შემოყვანა მოხდება ეტაპობრივად. პირველ ეტაპზე, 2024 წლის პირველ აპრილამდე შემოვა 50 ავტობუსი, ხოლო დარჩენილი რაოდენობა – 2024 წლის ბოლომდე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ავტობუსები სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის, ასევე დამონტაჟებული იქნება თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე.

„ავტობუსები აღჭურვილია  ხმოვანი საინფორმაციო სისტემით, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, მობილურის დასატენი წერტილებით და მონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით. ავტობუსებში მოქმედებს საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს მგზავრების საფასურის გადახდისა და საინფორმაციო სისტემების მართვის კომპიუტერს, საინფორმაციო დაფებს, აუდიო საინფორმაციო და ვიდეომონიტორინგის სისტემას, ასევე WIFI მოწყობილობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.