კალაძე: თუ 5%-იან ბარიერს ვერ ლახავ, რა პრეტენზია გაქვს პოლიტიკოსობაზე? ეს ბარიერი დარჩება

პუბლიკა

„ქათული ოცნების” თავმჯდომარე და თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 5%-იანი ბარიერის შემცირება არ განიხილება.

„არ ვაპირებთ ამის გადახედვას. ხომ აქვთ პრეტენზია და ამბობენ, რომ  მხარდაჭერა გვაქვს, ძლიერი პოლიტიკოსები ვართო. აგერ არის 5%-იანი ბარიერი და გადალახონ. თუ 5%-იან ბარიერს ვერ ლახავ, რა პრეტენზია გაქვს პოლიტიკოსობაზე?  ეს ბარიერი დარჩება და შესაბამისი პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები მიიღებენ ხმებს იმის მიხედვით, ვის როგორი მხარდაჭერა აქვთ საზოგადოების მხრიდან”. – თქვა კახა კალაძემ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 1%-ანი ბარიერით ჩატარდა, 2024 წლის არჩევნები კი, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, 5%-იანი ბარიერით უნდა გაიმართოს.

მმართველი პარტია „შარლ მიშელის შეთანხმების” ხელმოწერის შემდეგ, დოკუმენტის შესაბამისად, განიხილავდა საკონსტიტუციო ცვლილებას და ბარიერის 0%-დან 2%-მდე დაწევას. პარლამენტში შესაბამისი განხილვა დაიწყო და 2021 წლის სექტემბერში პირველი მოსმენით დამტკიცდა კიდეც. თუმცა, შემდეგ პროცესი შეწყდა. „ქართულმა ოცნებამ” შეთანხმება დატოვა და განაცხადა, რომ მისი პუნქტების შესრულების ვალდებულება აღარ აქვს.

2022 წელს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საარჩევნო ბარიერის დაწევა არც ევროკავშირის 12 პუნქტით იყო მოთხოვნილი. „თუმცა თუ დავინახავთ ოპოზიციის მხრიდან მზაობას, რომ პოლარიზაციის ხარისხი შეამცირონ, ჩვენ სავარაუდოდ, ამ საკითხის განხილვას მივუბრუნდებით 2023 ან 2024 წელს. მანამდე, ეს საკითხი არ განიხილება”. – თქვა მან 2022 წლის 18 ოქტომბერს.

2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ასევე, წამოაყენა 9 პირობა, რომელიც შესასრულებლად აუცილებელია EU-სთან ურთიერთობის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად.

არჩევნებთან დაკავშირებით რეკომენდაციაში წერია:

„საქართველომ უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესი, განსაკუთრებით 2024 წლისთვის და სრულად შეასრულოს ეუთო/ოდირის რეკომენდაციები. დაასრულოს საარჩევნო რეფორმა, მათ შორის, ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა არჩევნების დღემდე ბევრად ადრე”.