კალაძე: თუ არ დაემორჩილებიან, არის ფინანსური ჯარიმები, შემდეგ მოხდება მათი დაყადაღება, ა.შ. და ისინი ვერ შეძლებენ უბრალოდ ფუნქციონირებას

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ თუ ორგანიზაციები არ დაემორჩილებიან რუსულ კანონს, პასუხისმგებლობის სახით გათვალისწინებული ჯარიმების გადაუხდელობა გამოიწვევს მათ დაყადაღებას და საბოლოოდ, ფუნქციონირების შეწყვეტას.

„თუ არ დაემორჩილებიან, არის ფინანსური ჯარიმები, შემდეგ მოხდება მათი დაყადაღება, ა.შ. და ისინი ვერ შეძლებენ უბრალოდ ფუნქციონირებას და ვერ შეძლებენ იმ თანხების მიღებას, რასაც იღებენ. აქ თუ შენ კეთილ საქმეს აკეთებ და არ გაქვს ბოროტი ზრახვები, რა პრობლემაა დეკლარაციის შევსება და შენი ფინანსების ჩვენება, საიდან იღებ შემოსავლებს და რა კონკრეტულ პროექტებში ფინანსდება. თუმცა არსებობს ეჭვი იმისა, რომ ეს პოლარიზაცია, რევოლუციის სცენარის დაფინანსება, ყველაფერი ხდებოდა ამ გაუმჭვირვალობის გამო,“ – ამბობს კალაძე.

„ქართული ოცნების“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ რუსული კანონი მხოლოდ ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობის მიზნით დეკლარაციების შევსებას ითვალისწინებს.

კანონის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის კანონით გათვალისწინებულია ფინანსური ჯარიმები.

დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ეს კანონი ითვალისწინებს მხოლოდ ფინანსურ ჯარიმებს და არა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ორგანიზაციის ლიკვიდაციას ან უცხო ძალის ინტერესების გამტარის წარწერის გამოქვეყნებას და ა.შ. თუმცა შალვა პაპუაშვილს არ უსაუბრია, რას გამოიწვევს კანონით გათვალისწინებული ჯარიმების გადაუხდელობა.

რუსული კანონი ხვალიდან ამოქმედდება. ორგანიზაციების უმრავლესობამ უკვე განაცხადა, რომ ამ კანონს არ დაემორჩილებიან.

კანონის მიხედვით, მაქსიმუმ, 3 თვეში, სუბიექტები, რომლებსაც 2023 წლის მონაცემებით, 20%-ზე მეტი უცხოური დაფინანსება აქვს, ვალდებულები იქნებიან, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირდნენ.

რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა გამოიწვევს 25 000 ლარით დაჯარიმებას;

სააგენტოსთვის განაცხადის წარდგენის შეუსრულებლობა, განაცხადსა და დეკლარაციაში ხარვეზის გამოსწორებისთვის ვადის დარღვევა 10 000 ლარით დაჯარიმდება.

ერთი თვის ვადაში იმავე ქმედების ჩადენა კი ითვალისწინებს 20 000 ლარით დაჯარიმებას.

გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება, ყველა პირი (ფიზიკურიც) 5000 ლარით დააჯარიმოს მოთხოვნილი ინფორმაციის (მათ შორის, საიდუმლო, პერსონალური, კომერციული თუ პროფესიული ინფორმაციისაც) წარუდგენლობისთვის.