კალაძე: თუ საჭირო იქნება, გამოვაქვეყნებთ მტკიცებულებებს, რა ხდებოდა პრემიერის კაბინეტში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან შეხვედრისას

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ როცა საჭირო იქნება, გამოაქვეყნებენ მტკიცებულებებს, თუ რა ხდებოდა პრემიერ-მინისტრის კაბინეტში ევროკავშირისა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს. მის კომენტარს „ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

„ის ბიუროკრატები, რომლებიც ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების დროს დამარცხდნენ, არიან „დიფთ სტეიტის” წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, მათი ინტერესი იყო, რომ ხელისუფლებაში მოსულიყვნენ არა პატრიოტი ადამიანები, ვინც საქართველოს და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესს დაიცავს, არამედ თავიანთი აგენტურა, რომლებიც ნებისმიერ დროს ქვეყანას შეაგდებდნენ ქარ-ცეცხლში, რაც უკრაინასთან მიმართებით მოხდა…

თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები, რომლებიც [საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას მოგვიწოდებდნენ]. მაგალითად: უკრაინის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის განცხადებები.

რაც შეეხება ევროკავშირს და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, ის, რაც პრემიერ-მინისტრის კაბინეტებში ხდებოდა, ამაზე ჩვენ ზოგადად ვისაუბრეთ და თუ საჭირო იქნება, ამის მტკიცებულებებსაც გამოვაქვეყნებთ და მივაწვდით ინფორმაციას [საზოგადოებას]…”, – განაცხადა კალაძემ.