კალაძე: უამრავი დრო არსებობდა, ტაქსის მძღოლებს მათთვის მნიშვნელოვანი ლიცენზია აეღოთ

პუბლიკა

თბილისის მერი, კახა კალაძე აპლიკაციის მოსარგებლე ტაქსის მძღოლების პროტესტს პასუხობს და აცხადებს, რომ მათ შესაბამისი დრო ჰქონდათ განსაზღვრული იმისთვის, რათა კატეგორია აერჩიათ და მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი შეღავათით ესარგებლათ.

„რეგულაციები უკვე დაწესებულია. უამრავი დრო და შესაძლებლობა არსებობდა იმისთვის, რომ მძღოლებს ის კატეგორია გამოეყენებინათ და აეღოთ ტაქსის ის ლიცენზია, რომელიც მათთვის და ზოგადად ბიზნესისთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი.

ამასთან დაკავშირებით არაერთი განმარტება გაგვიკეთებია. ასე რომ, აღნიშნული პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე და გამართულია, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია.

მომავალში კიდევ გვაქვს დაგეგმილი გარკვეული ცვლილებები, სიახლეების შემოტანა, რაც ვფიქრობ, ამ სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ცნობით, ავტობუსის ზოლში მოძრაობის უფლება, გარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტისა, აქვს სახანძრო, სამაშველო, სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ავტომანქანებს (როცა ჩართული აქვთ შესაბამისი ციმციმა) – ასევე, ავტობუსის ზოლში გადაადგილება შეუძლიათ სასკოლო ავტობუსებს და მხოლოდ A კატეგორიის ტაქსების გარკვეულ ნაწილს მგზავრის აყვანა-ჩამოსმის მომენტში, თუ ამ დროს ხელს არ უშლიან ამავე ზოლში მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

იმისთვის, რომ A კატეგორიის, თეთრი ფერის ტაქსი გადაადგილდეს საავტობუსო ზოლში, ავტომანქანის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს. აღნიშნული ცვლილება ძალაში შევიდა 2023 წლის პირველი ივნისიდან, იმ ტაქსების რაოდენობა კი, რომლებიც აღნიშნულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, თბილისში 3 500-ია.

გასულ კვირას თბილისში აპლიკაციით მომუშავე ტაქსის მძღოლებმა ავტობუსის ზოლში მოძრაობის პირობები გააპროტესტეს და აღნიშნეს, რომ რეგულაციების გამო, ჯარიმების რაოდენობა გაიზარდა. თუმცა მათი პროტესტის მთავარი მიზეზი ტარიფები და აპლიკაციებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებაა.