კალაძე: „უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტის“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი, შსს-ს არასდროს შეუსყიდია“

პუბლიკა

„ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ აკრძალული ქიმიური ნივთიერების, ბრომობენზილ ციანიდის, იგივე „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი, რამეთუ ეს ნივთიერება საქართველოში არ არსებობს, მისი შესყიდვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასოდეს განუხორციელებია“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„თეორიულად, მისი გამოყენების შემთხვევაში ძალადობრივი აქციის მონაწილეთა ჯანმრთელობას დაეტყობოდა წარუშლელი კვალი. უფრო მეტიც, „კამიტეს“ ზემოქმედება მაღალი ალბათობით გამოიწვევდა ლეტალურ შედეგს. ამის პარალელურად, საქმეში არ არსებობს არც ერთი დაზარალებული, კანონსაწინააღმდეგო აქციების არც ერთ მონაწილეს არ მიუმართავს სამედიცინო დაწესებულებისათვის ქიმიური ნივთიერების ზემოქმედების შედეგად არსებული ჩივილებით.

საერთო ჯამში კი, ძალადობრივი აქციების პერიოდში, 2024 წლის 28 ნოემბრიდან 28 იანვრის ჩათვლით, სასწრაფოს სამედიცინო დახმარების ბრიგადების მიერ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილ იქნა ორასამდე ადამიანი, მათ შორის, მსუბუქი ინტოქსიკაციით მხოლოდ 5 პირი, რომლებიც მეორე დღესვე გაეწერნენ სამედიცინო დაწესებულებიდან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძე ამბობს, რომ ბრიტანული მაუწყებლის მიერ გავრცელებული რეპორტაჟი „სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ სხვა ცრუ ბრალდებებსაც შეიცავს.“

„რაც შეეხება მიმდინარე გამოძიების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს – კონკრეტული პირების მხრიდან უცხოური ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას – ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები და ყველა ის პირი თუ პირთა ჯგუფი, რომლის მიმართაც შეიკრიბება მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა და დადასტურდება, რომ მიზანმიმართული ქმედებით უხეშად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის საერთაშორისო იმიჯს, რეპუტაციას და მიმართულია სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისაკენ – იქნება დასჯილი კანონის მთელი სიმკაცრით და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სუს-ის უფროსის პირველი მოადგილის, ლაშა მაღრაძის განცხადებით, 2024 წლის 4-5 დეკემბერს აქციების დაშლის დროს გამოიყენებოდა ნივთიერება ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც შსს-მ 2007 წლის დეკემბერში შეიძინა, ხოლო 2009 წლის მარტში შეიძინა ტრიქლოროეთილენი. მაღრაძის თქმით, შსს-მ 2024 წლის 4-5 დეკემბერს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლში გამხსნელად გამოიყენა „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი. ლაშა მაღრაძეს არ უთქვამს, რა ნივთიერებები გამოიყენეს საპროტესტო აქციების სხვა დღეებში – აქციები 28 ნოემბერს დაიწყო. შსს-მ იმავე დღეს დაიწყო დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებების, მათ შორის, წყლის ჭავლის გამოყენება. მისივე მტკიცებით, შსს-ს არასდროს შეუძენია „კამიტი“, ანუ ბრომობენზილის ციანიდი, შესაბამისად, არც აქციაზე გამოუყენებია.

1 დეკემბერს BBC-იმ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად I მსოფლიო ომში გამოყენებული ტოქსიკური ნაერთი, „კამიტი“, ანუ ბრომობენზილის ციანიდი გამოიყენეს.

ის, რომ წყლის ჭავლში, სავარაუდოდ, ქიმიური ნივთიერებები იყო შერეული, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დაწყებისთანავე განაცხადეს როგორც ჟურნალისტებმა, ასევე ექიმებმა და სამოქალაქო ორგანიზაციებმა. 2024 წლის 30 ნოემბერს ალექსანდრე დარახველიძემაც არ უარყო, რომ წყლის ჭავლში, რომლითაც პოლიცია ბოლო ორი დღის განმავლობაში აქციაზე დემონსტრანტებს შლიდა, გარეული იყო „სხვა ნივთიერებაც“.