თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, ვახუშტი ბაგრატიონის ხიდიდან გიორგი სააკაძის მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი (Bus Lane) გამოიყოფა.
კალაძის თქმით, საავტომობილო ზოლების რაოდენობა უცვლელი დარჩება.
„სამუშაოები გიორგი სააკაძის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება. კერძოდ, ვახუშტის ხიდიდან გიორგი სააკაძის მოედნის მიმართულებით სავალი ნაწილიდან გამოიყოფა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი. ასევე, უსაფრთხო საფეხმავლო გადაადგილებისთვის მოეწყობა კუნძულები და ზებრა გადასასვლელები.
მნიშვნელოვანია, რომ სამანქანო ზოლების რაოდენობა დარჩება უცვლელი. გზის სავალი ნაწილი დაიხაზება და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და შუქნიშნები. ასევე, ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდება“, – თქვა კალაძემ.
მისივე განცხადებით, სამუშაოები 28 ნოემბრის 00:00 საათიდან დაიწყება და, დაახლოებით, ორი კვირის ვადაში დასრულდება.
„პროექტს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ერთობლივად განახორციელებენ. ეს საკმაოდ დატვირთული მონაკვეთია, უამრავი ავტომანქანა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება დღის განმავლობაში. შესაბამისად, საავტომობილო მოძრაობის ინტენსივობიდან გამომდინარე, დაგეგმილი სამუშაოები მხოლოდ ღამის საათებში ჩატარდება, რომ გადაადგილება არ შეიზღუდოს“, – თქვა კახა კალაძემ.