თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომა ევროკომისარის ვიზიტის შეფასებით დაიწყო. მისი თქმით, საზოგადოებამ ევროკომისრისგან საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი მკაფიო გზავნილები მოისმინა, რაც ნიშნავს იმ პროგრესის დანახვას, რასაც ქვეყანამ მიაღწია.
როგორც კახა კალაძე ამბობს, ოლივერ ვარჰეის პოზიტიური გზავნილები არის დასტური იმისა, რომ საქართველო ევროინტეგრაციისკენ მიმავალ სწორ გზაზე დგას.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე, აღიარება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე. მთავრობა და ყველა შტო მზადაა, რომ აღნიშნული გეგმა შესრულდეს.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენმა მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის. იცის, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას, რაც გვაძლევს ეკონომიკურ განვითარებას. ასევე, მოსახლეობამ იცის, რომ ამ რთულ გზაზე რამდენად ბევრი წინგადადგმული ნაბიჯი და მიღწევაა. კარგად იცის იმ გულისტკივილის ფასიც, როდესაც სრულიად უსამართლოდ უთხრეს უარი კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.