თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, საქართველო-ჩეხეთის მატჩზე უბილეთოდ დარჩენილი მოქალაქეებისთვის რესპუბლიკის მოედანზე შესაბამისი სივრცე მოეწყობა, სადაც დიდ ეკრანზე იქნება შესაძლებელი მატჩის ყურება. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან დიდია ქართველი გულშემატკივრის ინტერესი აღნიშნული თამაშის მიმართ, რასაც ადასტურებს უმოკლეს პერიოდში გაყიდული ყველა ბილეთი. საქართველოს ნაკრებმა ბოლო პერიოდში უმნიშვნელოვანეს წარმატებებს მიაღწია, რაც რასაკვირველია, არ არის შემთხვევითი. ეს არის თითოეული ფეხბურთელის, სამწვრთნელო გუნდის, ფეხბურთის ფედერაციის უდიდესი შრომისა და იმ ძალისხმევის შედეგი, რაც საქართველოს ხელისუფლებამ სპორტის განვითარების კუთხით გასწია.
გულშემატკივრის ქომაგობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ბიჭებისთვის. ამიტომ, ყველანი ვისურვებდით, რაც შეიძლება მეტი მაყურებელი დასწრებოდა მატჩს. მათთვის, ვინც ბილეთის გარეშე დარჩა, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება და რესპუბლიკის მოედანზე, 19:00 საათზე ღია ჩვენებას გავმართავთ. ყველანაირი პირობა იქნება შექმნილი საგულშემატკივროდ. ადგილზე დამონტაჟდება ძალიან დიდი ეკრანები, განთავსდება კვების ობიექტები. წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთხელ გაახარებენ ქართველ გულშემატკივარს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძე გამოეხმაურა „დინამო არენას“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსაც და პოლიტიკოსების მხრიდან განცხადებები „სპეკულაციებად“ შეაფასა.
„ამ დღეებში ბევრი აბსურდული განცხადება მოვისმინეთ, მათ შორის, პოლიტიკოსების მხრიდან სპეკულაციები, რომ თითქოს, მატჩის გამართვა „დინამო არენაზე“ უსაფრთხოა, უბრალოდ არ არსებობს ამის პოლიტიკური ნება. ამ საკითხს ფეხბურთის ფედერაცია უკვე გამოეხმაურა. მე არ შევალ დეტალებში და სპეკულაციებზე განცხადებას არ გავაკეთებ. ვფიქრობ, რომ ყველა მოაზროვნე ადამიანი, ვისაც ანალიზის გაკეთება შეუძლია, ყველაფერს კარგად მიხვდება და ასეთ პოლიტიკოსებს შესაბამის პასუხს გასცემს“, – განაცხადა კალაძემ.
უეფა-ს ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 7 სექტემბერს, 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, რომელიც 27 223 გულშემატკივარზეა გათვლილი.
თამაშზე დასასწრები ყველა ბილეთი 1 საათში გაიყიდა, თუმცა გულშემატკივრის დიდი ნაწილი უკმაყოფილო დარჩა, რადგან ისინი მატჩის „დინამო არენაზე” ჩატარებას მოითხოვდნენ.
როგორც მმართველ პარტიაში განამარტავენ, ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონი „ამორტიზებულია, მდგრადობის შესაძლო პრობლემით“.
17 აგვისტოს „დინამო არენას” სტადიონის დირექტორის, თემურ პირტახიას წერილი გავრცელდა, სადაც ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანს, დავით მუჯირს მიმართავს და სტადიონის მეორე იარუსით სარგებლობის შემთხვევაში 41 000 გულშემატკივრის მასპინძლობას სთავაზობს.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა კი განაცხადა, რომ საუბარი მხოლოდ მეორე იარუსის გამოყენებაზე „არასერიოზულია”.