კალაძე ვიზალიბერალიზაციაზე: ცუდია, როდესაც ამ სიკეთეს გართმევენ

პუბლიკა

კახა კალაძე ვიზალიბერალიზაციას სიკეთეს უწოდებს და ამბობს, რომ ცუდია, როცა მას გართმევენ.

„საქართველოს აშანტაჟებენ ვიზალიბერალიზაციის ჩახსნით. ეს, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან ცუდი […] თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს იქნება უსამართლო და ქართველი ხალხის დასჯა. ცუდია, როდესაც ამ სიკეთეს გართმევენ. რატომ უნდა გაუხარდეს ვიღაცას, რომ ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია შეუწყდეს? წარმოუდგენელია. არ არის ეს სასიამოვნო, თუმცა მეორე მხარეს არის ქვეყნისა და ქართველი ხალხის ინტერესები, ჩვენი ქვეყნის მომავალი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შანტაჟი გრძელდება“, – თქვა თბილისის მერმა და „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა.

ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას 31 აგვისტომდე მისცა ვადა, შეასრულოს რეკომენდაციები, რომელთა აგვისტოს ბოლომდე შეუსრულებლობა დღის წესრიგში უვიზო რეჟიმის შეჩერებას დააყენებს.

წერილი 8 რეკომენდაციას მოიცავს, მათ შორის: მოთხოვნილია, დაცული იყოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა.

ასევე, მოთხოვნილია ნებისმიერი იმ კანონმდებლობის გაუქმება, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, არღვევს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს და ეწინააღმდეგება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, წერილში აღნიშნულია პირველი რუსული კანონი და ჰომოფობიური კანონი.

„ქართული ოცნება“ ევროკავშირის მოთხოვნას პროპაგანდით უპირისპირდება და ამბობს, რომ ღირებულებებს ვიზალიბერალიზაციის სანაცვლოდ არ დათმობს. ირაკლი კობახიძემ ისიც თქვა, რომ ვიზალიბერალიზაცია მიგრაციას ახალისებს.