თბილისის მერია მუშაობს აპლიკაციაზე – „ფიქს თბილისი“, სადაც მოქალაქეები დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაციას განათავსებენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მოქალაქეები აღნიშნული აპლიკაციის საშუალებით, მუნიციპალიტეტს ინფორმაციას ცხელ ხაზზე დარეკვის გარეშე მიაწვდიან.
„ფიქს თბილისი“ – ეს არის სპეციალური აპლიკაცია, რომელზეც წვდომა ექნება ყველა მოქალაქეს. ის იქნება მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეს შორის კომუნიკაციის საშუალება, დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ მუნიციპალიტეტისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად ისე, რომ მოქალაქეს არ მოუწიოს ცხელ ხაზზე დარეკვა, ინფორმაცია იყოს უფრო სრულყოფილი და მუნიციპალიტეტმა შეძლოს პრობლემის მარტივად იდენტიფიცირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აპლიკაცია თავდაპირველად გააერთიანებს საგზაო ინფრასტრუქტურის, ხე-მცენარეების, გარე განათებისა და საპარკო ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაციას.
„საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლოა აღნიშნული აპლიკაციის ამუშავება, რადგან ქალაქში ხშირად ზიანდება ინფრასტრუქტურა. ჩვენი ერთ-ერთი გამოწვევაა მასზე ოპერატიული რეაგირება. ამის მიუხედავად, მივიღეთ გადაწყვეტილება, შეგვექმნა ეს აპლიკაცია და თქვენთან, მოქალაქეებთან ერთად გვეზრუნა თითოეული პრობლემის მოგვარებაზე. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვიყოთ ოპერატიული და ამასთან, იმ საკითხების ნუსხა გავზარდოთ, რომლის დაფიქსირებას მოქალაქე ამ აპლიკაციის საშუალებით შეძლებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, აპლიკაცია პირველი მაისიდან ამოქმედდება და მოქალაქეები მიიღებენ განახლებულ ინფორმაციას, თუ რა ეტაპზეა მათ მიერ დაფიქსირებული პრობლემის მოგვარება.