კალაძე: წერეთელზე პირადად მე რომ მომიწიოს მუშაობა, იანვრის ბოლოს მოძრაობა აღდგენილი იქნება

პუბლიკა

კახა კალაძე ამბობს, რომ მზადაა წერეთლის გამზირის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში პირადად ჩაერთოს, იმისთვის, რომ საავტომობილო მოძრაობა იანვრის ბოლომდე აღდგეს.

ამის შესახებ მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა.

კახა კალაძის თქმით, კონკრეტულმა კომპანიებმა, რომლებსაც წერეთელზე სამუშაოები დადგენილ ვადებში, ანუ იანვრის ბოლოს უნდა დაესრულებინათ, ეს ვერ შეძლეს, რის გამოც მერია ახალ კომპანიებს არჩევს.

,,მთლად რომ ჩვენ მოგვიწიოს მუშაობა, მე, ჩემს მოადგილეებს, ჩვენს თანამშრომლებს წერეთელზე საგზაო ინფრასტრუქტურა იანვრის ბოლოს უნდა იყოს დასრულებული და მოძრაობა აღდგენილი”, – თქვა კალაძემ. 

მისი თქმით, გარკვეული ,,დისკომფორტის გარეშე დიდი ინფრასტრუქტურული სამუშაოების წარმოება შეუძლებელია”, ეს თან ახლავს მსგავს პროექტებს, კალაძე ამბობს, რომ ,,თუ არ გათხრი, ვერ შეცვლი”.

,,სხვანაირად [დისკომფორტის გარეშე] შეუძლებელია სამუშაოების წარმოება, თუ არ გადათხარე, ხომ ვერ შეცვლი?”, – თქვა მან.

კალაძისვე თქმით, წინა ხელისუფლება მსგავს სამუშაოებს ზედაპირულად ასრულებდა, ახლანდელი მთავრობა კი ამას „ფუნდამენტურად და საფუძვლიანად” აკეთებს.

კალაძემ მთავრობის სხდომაზე შეურაცხმყოფელი განცხადებაც გააკეთა იმ პოლიტიკოსების მიმართ, რომლებიც წერეთლის გამზირის გაჭიანურებულ სამუშაოებზე საუბრობენ.

,,არ ვიკადრებ, არ ვიტყვი, სადაც ხართ. სადაც ხართ, იქ დარჩებით, რადგან ესაა თქვენი ბუნებრივი ადგილი”, – თქვა მან.

თბილისის მერია აცხადებდა, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 2024 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიებთან – „მილენიუმ ბილდერს გრუპი” და „ერ ტე დე” ხელშეკრულებები გაწყვიტა. 

მერიამ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა.