კალაძემ 13 ადამიანს საპატიო თბილისელის წოდება მიანიჭა | სია

პუბლიკა

„[ბათუმის ტრაგედიის გამო] წელს მხოლოდ ერთი გამორჩეული ტრადიციით შემოიფარგლება თბილისობის ღონისძიება და ეს ღვაწლმოსილი, გამორჩეული ადამიანებისთვის საპატიო თბილისელის წოდების მინიჭებაა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოში 2021 წლის საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

„ამ ქალაქს, მის მრავალფეროვნებას, ღირებულებებს, ტრადიციებსა და კულტურას აქ მცხოვრები ადამიანები საუკუნეების განმავლობაში ქმნიდნენ და დღემდე ქმნიან, ზოგიერთ მათგანს კი ჩვენი ქალაქის და ჩვენი ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურება და ღვაწლი აქვს.

დღეს, გვსურს ჩვენი ქალაქისთვის საყვარელ, დასაფასებელ და საპატიო ადამიანებს ოფიციალურად მივანიჭოთ საპატიო თბილისელის წოდება, რადგან მინიმალურად მაინც დავაფასოთ თბილისის წინაშე გაწეული მათი ღვაწლი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 13 თბილისელს მიენიჭა:

  • რისმაგ გორდეზიანს – ქართველ მეცნიერს, ფილოლოგს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრს, აკადემიკოსს;
  • აკაკი ნადარეიშვილს – ექიმს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს;
  • ირაკლი ფავლენიშვილს – ექიმს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს;
  • რამაზ ყურაშვილს – ექიმ-ენდოკრინოლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს;
  • დავით კვაჭაძეს –  ფოტოგრაფს, ამავდროულად კრივის სამგზის ჩემპიონს და სპორტის დამსახურებულ ოსტატს;
  • ლილი კინწურაშვილს – ქალაქის დასუფთავების სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მთავარ სპეციალისტს, რომელიც უკვე 49 წელია მუნიციპალიტეტს ემსახურება;
  • ელგუჯა ბურდულს – ცნობილ მსახიობს, საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრს;
  • პაატა კერვალიშვილს – ფიზიკოსს, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორს, მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებში აღიარებულ მეცნიერს ატომური ენერგიის მიმართულებით.
  • ინგა ჯიბუტს – ენისა და ლიტერატურის სპეციალისტს, ტერმინოლოგს, საქართველოს ტერმინოლოგთა ასოციაციის თანადამფუძნებელს.
  • ბადრი ქუთათელაძეს – მწერალს, პოეტსა და მკვლევარს, ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, გალაკტიონ  ტაბიძის პრემიების ლაურეატს, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრს, ღირსების ორდენის კავალერს;
  • გრიგოლ ჩიგოგიძეს – თეატრმცოდნესა და ჟურნალისტს, ახალგაზრდა კინომოყვარულთა საერთაშორისო ფესტივალის „თბილისური აისი“-ს დამფუძნებელს და ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდ „ოქროს ფრთის“ ლაურეატს;
  • დავით მუსხელიშვილს – ისტორიკოსს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, აკადემიკოსს.
  • გივი ღამბაშიძეს – პროფესიით ზეინკალს, რომელიც სხვადასხვა დროს თბილისის მეტროპოლიტენში ზეინკლად და სამურნეო საამქროს თანამშრომლად მუშაობდა. გივი ღამბაშიძის თაოსნობით მოხდა საწარმოო ტერიტორიის განაშენიანება, გაიმართა შესაბამისი ინფრასტრუქტურა და წლების განმავლობაში ის შეუცვლელ როლს ასრულებდა თბილისის მეტროპოლიტენის გამართულად მუშაობაში.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, თბილისობის ღონისძიება, რომელიც ტელევიზიით უნდა გადაცემულიყო, ბათუმში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო გაუქმდა. კალაძის თქმით, გამოყოფილი თანხა ბათუმში დაზარალებულთა ფონდში გადაირიცხება.

8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევას 9 ადამიანი, მათ შორის, 3 ბავშვი ემსხვერპლა. კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე ბრალდებულია სამი პირი. მათ სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.