„ახალგაზრდა მწვანეები“ თბილისის მერის, კახა კალაძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურებიან.
მოიძიეთ ნებისმიერი ტიპის აქტივი, რომლის პრივატიზაციაც შეიძლება – კალაძის დავალება ვიცე-მერს
„დავიწყოთ იმით, რომ ჩვენს ქვეყანაში პანდემიასთან გამკლავება უწევდა და უწევს საავადმყოფოს, რომლის შენობაც, პრივატიზების პოლიტიკის შედეგად, გასხვისებულია და ბოლო წლებია ახალი მფლობელი კოსმეტიკური რემონტის ჩატარების საშუალებასაც არ იძლევა. ამ ამბავს, მინიმუმ, იმაზე უნდა დავეფიქრებინეთ, რომ ამ კონკრეტულ პოლიტიკასა და აქამდე არსებულ პრაქტიკებს, საბოლოო მიზნად არა საყოველთაო კეთილდღეობა და საზოგადოების, როგორც ერთობის, ფუნქციონირება აქვთ, არამედ, ამ მიდგომით ხეირობენ მხოლოდ ერთეული ადამიანები.
დღეს ჩვენ უკვე ვიწვნიეთ ის, რომ ამგვარ პოლიტიკას კრიზისის დროს ჩიხში შევყავართ და საფრთხის ქვეშ დგება მთავარი — სიცოცხლის უფლება. თუმცა, თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე 2020 წლის 6 მაისს, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ძველ წესრიგში დასაბრუნებლად და პანდემიით მიყენებული ეკონომიკური ზარალის ასანაზღაურებლად, უნდა გასხვისდეს ყველაფერი, რისი გასხვისებაც შესაძლებელია, “- ამბობენ ახალგაზრდა მწვანეები გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სახელმწიფო ვალდებულია, ყველა მოქალაქისთვის თანაბრად შექმნას საბაზისო სერვისები, ვალდებულია შექმნას სოციალური ინფრასტრუქტურა, როგორიცაა საგანმანათლებლო დაწესებულებები, ბაღები და სკოლები, ვინაიდან მოსახლეობის ზრდის პირობებში უკვე არსებული სივრცეები ვეღარ იტევს ახალ ნაკადებს და ქალაქი გადამჭიდროების საფრთხის პირასაა. ახალგაზრდა მწვანეები ამბობენ, რომ ქალაქის მერის განცხადების შემდეგ, ყველამ ნახა რომ ეს პროცესი უკვე შეუქცევადია და სივრცეზე უფლებას მხოლოდ ადამიანების ექსკლუზიური წრე იღებს.
„დღეს თბილისის მერმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ფუნდამენტური მნიშვნელობის რესურსებზე წვდომა მხოლოდ მცირე ჯგუფს ექნება. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ეს პოლიტიკა ისედაც ცხადია, მომავალში თბილისის მაგალითზე ჩვენ უკვე ნათლად დავინახავთ სივრცულ ბარიერებს, რომლებიც ქალაქის მაცხოვრებლების უმრავლესობისთვის იქნება ფუნქციონირებისთვისა და არსებობისთვის სერიოზული დამაბრკოლებელი ფაქტორი.
ამ განცხადებით ქალაქის მერმა უარი თქვა საკუთარ პასუხისმგებლობაზე — მართოს ქალაქი და დასაჯიჯგნად გადაულოცა ბიზნეს კლასს, რომელიც თავის მხრივ მმართველ რგოლებსა და სტრუქტურებშია აზელილი.
სამწუხაროდ, დღეს ქალაქის მთავრობის სხდომაზე არ იმყოფებოდა თენგიზ ცერცვაძე, რომელიც ჩვენ ყველას მაგივრად გააწნიდა სილას კახა კალაძეს, ამიტომ ჩვენი ყველას პასუხისმგებლობაა გავაცნობიეროთ, რომ საერთო სიკეთის გადასარჩენად ბრძოლაა საჭირო — ბრძოლა ერთად, სტრუქტურულად და ორგანიზებულად“, – ნათქვამია განცხადებაში.