დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ შიდა აუდიტის სამსახურს გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე განხორციელებული პროექტის მოკვლევა დაავალა. კალაძის თქმით, უნდა შემოწმდეს როგორც შესრულებული სამუშაოები, ასევე საპროექტო დოკუმენტაცია.
ახლად რეაბილიტირებულ ხიზანიშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარი ჩაინგრა. ხიზანიშვილის ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კალაძემ მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს, სთხოვა განემარტა, თუ რა მოხდა ახლად რეაბილიტირებულ გზის მონაკვეთზე. როგორც ბენდელიანმა განაცხადა, უხვი ნალექის შედეგად გადაივსო სანიაღვრე ქსელი, რამაც გამოიწვია აღნიშნული მონაკვეთის დაზიანება.
„როგორც ვიცით, ახლახან დასრულდა გლდანში ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების სრული რეაბილიტაცია. სამუშაოები მიმდინარეობდა დაექსპერტებული პროექტის მიხედვით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე დღის წინ მოსულმა უხვმა ნალექმა დედაქალაქის რამდენიმე რაიონში შექმნა პრობლემა. მათ შორის იყო ხიზანიშვილის ქუჩა. კერძოდ ნალექის შედეგად მოხდა სანიაღვრე ქსელების გადავსება, რაც, პირველადი მონაცემებით, ამ დაზიანების გამომწვევია. ამ დაზიანების მომენტიდანვე მერიის შესაბამისი სამსახურები ადგილზე არიან 24 საათის განმავლობაში, რათა სრულად აღდგეს და გაიხსნას დაზიანებული მონაკვეთი. ასევე, მინდა აღვიშნო, რომ რამდენიმე მონაკვეთზე შეიმჩნევა მსგავსი სახის პრობლემა, რაზეც ვაწარმოებთ ინტენსიურ დაკვირვებას. საჭიროების შემთხვევაში იქაც, შესაძლოა, მოგვიწიოს ლოკალური ჩარევა“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
კახა კალაძის კითხვაზე, შესრულებულ სამუშაოების ხარისხს აქვს თუ არა პრობლემა, ირაკლი ბენდელიანმა უპასუხა, რომ ეს იყო დაექსპერტებული პროექტი და ამ ეტაპზე, მათი ინფორმაციით, რეაბილიტირებული გზის ჩანგრევა გამოწვეულია ჭარბი ნალექით.