ქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ვაშლიჯვარში მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრა, წარმოებული სამუშაოები და სამომავლო გეგმები მიმოიხილა.
მისი თქმით, ამჯერად ფერდის სტაბილიზაციისა და მიმდებარედ არსებული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის ყველა გადაუდებელი ღონისძიება ტარდება. ზედა ნაწილში მიმდინარეობს ჩაცემენტება, რომ მეწყრის გადაადგილება შემცირდეს და ეწყობა დროებითი გზები, რათა მომდევნო ეტაპზე გატარდეს მთელი რიგი ღონისძიებები, რომელიც უზრუნველყოფს მაჭავარიანის ქუჩის უსაფრთხოებასა და მოძრაობის აღდგენას.
„ჩვენ ვსაუბრობთ ფერდზე, სადაც რამდენიმე ათეული წელია, ეს პრობლემა არსებობს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, ჩაერთვნენ გერმანელი ექსპერტები. 16 მარტს გადავკეტეთ გზა, შეიზღუდა მოძრაობა ორმხრივად, რომ უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო. ოპერატიულად დავიწყეთ მეწყრული პროცესის მონიტორინგი, რომ დეფორმაციის დინამიკაზე გვეწარმოებინა. გასულ კვირას დავამონტაჟეთ მონიტორინგის თანამედროვე სისტემა.
ასევე, შემუშავებულია ევაკუაციის გეგმა. მოსახლეობის ევაკუაციის არანაირი საჭიროება არ არსებობს და ამასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა.
მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გასატარებლად შევისყიდეთ კვლევა – პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების მომსახურება, რომელსაც კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ გვაწდის. ამ კომპანიას აქვს გამოცდილება ასეთ ზონებში მუშაობის.
ეს არის კომპანია, რომელმაც წყნეთი-ბეთანიის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა, სადაც ჩართულები იყვნენ ის გერმანელი სპეციალისტები, ვინც გვერდში გვიდგას და გვეხმარება. ეს კომპანია და ეს ექსპერტები (გერმანიიდან) არიან ჩართულები შეშელიძის ფერდის საქმეზე.
ამჯერად ფერდის სტაბილიზაციისა და მიმდებარედ არსებული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის ყველა გადაუდებელი ღონისძიება ტარდება. ზედა ნაწილში მიმდინარეობს ჩაცემენტება, მეწყრის გადაადგილების შესამცირებლად და ეწყობა დროებითი გზები, მომდევნო ეტაპზე მთელი რიგი ღონისძიებების გასატარებლად, რომელიც უზრუნველყოფს მაჭავარიანის ქუჩის უსაფრთხოებას და მოძრაობის აღდგენას.
ყველაფერს ვაკეთებთ მაჭავარიანის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობის სწრაფად აღსადგენად.“ – განაცხადა კახა კალაძემ.