კალაძესთან კოლაბორაციით, Designa Individual-მა 62 490-ევროიანი საათი შექმნა

პუბლიკა

თბილისის მერიის ინფორმაციით, კახა კალაძესთან კოლაბორაციით, Designa Individual-მა Rolex Daytona-ს საკოლექციო საათი შექმნა, რომელიც საქართველოს დროშისა და საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ფერებშია გადაწყვეტილი. საკოლექციო მოდელი სულ 17 ერთეული დამზადდა. საათის ღირებულება 62 490 ევროა.

საათის კორპუსის დიამეტრი 40 მილიმეტრია. ციფერბლატის წითელ ფონზე კი გამოსახულია სახელწოდება „KALA”. კომპანიის ცნობით, კალაძემ მოითხოვა, რომ საათი ასახავდეს მის ცხოვრებაში მიღწეულ უმაღლეს ეტაპს – ჩემპიონთა ლიგის მოგებას. უკანა მხარეს არსებულ მექანიზმში წარმოდგენილია ბურთის დიზაინი, რომლითაც კახა კალაძემ, მილანთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

„მიხარია, რომ ცნობილ კომპანია DiW-თან შედგა კოლაბორაცია და შეიქმნა საათი, რომლის დიზაინის შერჩევაში თვითონ მივიღე მონაწილეობა. მაშინაც კი, როდესაც კლუბ „მილანის“ ფეხბურთელი ვიყავი და ამ კლუბთან ერთად დიდ საფეხბურთო ისტორიას ვწერდი, არცერთი წუთით არ გამიწყვეტია კავშირი ჩემს ქვეყანასთან. ყველაფერი, რასაც მივაღწიე, როგორც ფეხბურთელმა, ჩემი საქართველოს დამსახურებაა. მილანთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგების დროსაც მე ვიყავი ქართველი. სწორედ ეს არის ასახული ამ საკოლექციო მოდელში“, – განაცხადა კახა კალაძემ.