პარტია „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე სატრანსპორტო პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ემხრობა თბილისში სატრანსპორტო რეფორმას, თუმცა ის კატასტროფულად ნელა ხორციელდება. მისივე თქმით, კახა კალაძეს ჰქონდა უამრავი დაპირება, რომელიც არ შესრულდა, ცუდი მენეჯმენტისა და კორუფციის განზრახვის გამო.
„ჩვენი თანაქალაქელები ამას ყოველდღიურად ცდიან თავიანთ თავს და ტყავზე მეტროში, ავტობუსში, სამარშრუტო ტაქსებში. ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტით გადაადგილება დღეს თბილისში არის უკიდურესი პრობლემა და ამას აქვს თავისი ახსნა: ეს არის ის უთავბოლობა, რომლითაც ბატონი კალაძე ამ რეფორმას ახორციელებს.
2018 წელს ეს ადამიანი თბილისელებს დაჰპირდა, რომ ჩვენ გვეყოლებოდა 18-მეტრიანი ავტობუსები, რომლებიც ამ სერიოზულ პრობლემებს განტვირთავდა, მაგრამ ეს იყო მისი პირიდან ნათქვამი მორიგი ტყუილი. ის დაგვპირდა, რომ მოეწყობოდა სატრანსპორტო დერეფნები ავტობუსებისთვის, ე.წ. ბასლაინები, მაგრამ ვხედავთ, რომ ნახევარიც კი არ არის მერობის 5-წლიან პერიოდში დახაზული.
ის დაგვპირდა მიწისზედა მეტროსადგურს და ჩემმა მეგობარმა ნახა ბილბორდი, რომელშიც თბილისის მერიამ დახარჯა თანხა, რომელზეც ეწერა მიწისზედა მეტროს მშენებლობა 2019 წლიდან, ესეც მორიგი ტყუილია, რომლის რეკლამაშიც თბილისელებმა დახარჯეს ფული. უამრავი დაპირება იყო სატრანსპორტო თვალსაზრისით, რომელიც არ შესრულდა ცუდი მენეჯმენტისა და კორუფციული განზრახვის გამო“, – განაცხადა ბუაძემ.
საბა ბუაძეს საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ უპასუხა. მისი თქმით, საჭიროა მოქალაქეებმა გადალახონ დისკომფორტი, რათა შედეგამდე მივიდეთ. მისი თქმით, ეს არის პროცესი და ამას ალტერნატივა არ აქვს.
„მე მინდა გაგახსენოთ, რომ კახი კალაძის მერობის პერიოდში შეძენილია 850 ერთეული ახალი ავტობუსი, რომლებიც ჩვენს ქალაქს ემსახურება.
რაც შეეხება 18-მეტრიან ავტობუსებს, თქვენ ძალიან კარგად იცით ეს, მაგრამ გინდათ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ. 18-მეტრიან ავტობუსებს აუცილებლად თან უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, საჭიროა იყოს ის 10 დერეფანი. საჭიროებაა, აგრეთვე, ახალი ავტობაზის. რომელიც გეგმაზომიერად, დაგეგმილად მიმდინარეობს.
თქვენ ამ დღეების განმავლობაში რომ საუბრობთ გარკვეულ პრობლემებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, დღეს პრობლემები არის და, რა თქმა უნდა, იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ ეს პროცესი, შედეგებამდე მისასვლელად საჭიროებს იმ დისკომფორტის გადალახვას“, – განაცხადა ტყემალაძემ.