კალაძის განცხადებით, გაზმომარაგების მილის დაზიანებაში მესამე პირის ბრალეულობა ამ ეტაპზე არ იკვეთება

პუბლიკა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ამ ეტაპზე, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ გაზმომარაგების ქსელში დაზიანება მესამე პირის ჩარევით მოხდა.

კალაძე ამბობს, რომ თბილისი ენერჯის ხელმძღვანელებთან კომუნიკაცია ჰქონდა და უთხრეს, რომ პრობლემა თითქმის აღმოფხვრილია.

„იყო ვარაუდი, რომ შეიძლება მესამე პირის ჩარევის შედეგად მოხდა დაზიანება. ადგილზე რომ მივიდნენ და ნახეს მაღალი წნევის გაზმომარაგების მილი როგორი დაზიანებული იყო, აღმოჩნდა, რომ პრობლემა უშუალოდ გადაბმის წერტილში იყო. ამ ეტაპზე, იმაზე საუბარი, რომ მესამე პირის ჩარევით მოხდა აღნიშნული შემთხვევა, ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ჯერ გამოძიება დაწყებული არ არის. თუ კი რაიმე ახალი ინფორმაცია იქნება, საზოგადოებას მიაწოდებენ.

დღეს, ჩვენ მოვისმინეთ „თბილისი ენერჯის“ განცხადება, რომ პრობლემა ფაქტობრივად აღმოფხვრილია. კომპანიის ხელმძღვანელობასთან კომუნიკაციაც მქონდა. ბუნებრივი აირის მომხმარებლის დონეზე გაშვება შესაბამისი რეგულაციებისა და უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისწინებით მოხდება“, – განაცხადა კალაძემ.

შპს „თბილისი ენერჯის“ საკუთრებაში არსებული 500 მმ-იანი დიამეტრის გაზსადენის ავარიულად დაზიანების გამო 9 თებერვლიდან ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა 150 000 აბონენტს. კომპანიის მიერ შესაბამისი ტექნიკური სამუშაოების შედეგად, ამ დრომდე გაზმომარაგება აღუდგა გათიშული აბონენტების 70%-ს. კომპანიის ინფორმაციით, აბონენტების დარჩენილი ნაწილის გაზმომარაგების აღდგენა დღეს, დღის ბოლომდე დასრულდება.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 500 მმ-იანი გაზსადენის დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა შესაბამისი უწყებების მიერ და შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას.