თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომა რუსულ კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნის შეფასებით გახსნა.
მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა გაიმეორა „ოცნების“ პოზიცია დასკვნის შესახებ, რის შემდეგაც დაიწყო მტკიცება, რომ რუსული კანონი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღეს.
კალაძის თქმით, გამჭვირვალე უნდა იყოს დაფინანსება და მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ვინ არის ამ ქვეყნის მოყვარე და ვინ – მტერი.
მისი განცხადებით, ხელისუფლება მიესალმება აშშ-სთან ვიზალიბერალიზაციის, პირდაპირი ფრენებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას და ამტკიცებს, რომ თუ ამ ნაბიჯებს გადადგამენ, რუსული კანონის საჭიროება აღარ იქნება.
„ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუკი აშშ გადადგამს ამ ნაბიჯს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს არა მექსიკიდან შესვლა მოუწევთ და იქ მექსიკაში რამდენიმე დღე და კვირა ციხეში გატარება, არამედ როგორც ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებთან აქვთ, ისეთი ექნებათ ჩვენს ქვეყანასთან“, – განაცხადა მან.
კალაძის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნა.
„თუ ეს დამოკიდებულება იქნება და გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები, „გამჭვირვალობის კანონის“ საჭიროებაც და აუცილებლობაც არ დადგება დღის წესრიგში. თუ ეს ნაბიჯები იქნება გადადგმული, თუ დავინახავთ მეგობრულ ურთიერთობებს და არა მტრობას, რაც კონკრეტული ფაქტებით დასტურდება და მტრობაა ის, როდესაც დასავლეთი აფინანსებს რევოლუციურ სცენარს; მტრობაა ის, როდესაც დასავლეთი აფინანსებს სხვადასხვა ორგანიზაციის დაფინანსებას, რომლებიც პირდაპირ ჩართულები არიან პოლარიზაციაში. ჩვენ გვჭირდება პარტნიორები, მეგობრები“, – განაცხადა კალაძემ.
კალაძისვე სიტყვებით, „თუ ვინმეს მეორე ფრონტის გახსნა უნდა, აგერა ჰყავთ ბალტიისპირეთის ქვეყნები და გახსნან მეორე ფრონტი, საქართველოს შეეშვან“.
„ჩვენ ომიც გამოგვივლია და ყველაფერი გაგვიკეთებია დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოპოვებისთვის. საქართველო იყო პირველი ქვეყანა, როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა, გამოვიდა ხალხი და გააკეთა მისი გასაკეთებელი. სხვა ქვეყნებმაც გადადგან ნაბიჯი და გააკეთონ თავიანთი გასაკეთებელი. რა ვიცი, არაერთი ომი გამოგვივლია და საერთაშორისო მისიებში მიგვიღია მონაწილეობა, არაფერზე უკან არ დაგვიხევია, მაგრამ ის დამოკიდებულება, რასაც ვხედავთ ბოლო თვეებში, ეს არაა მეგობრობა.
რომ გამოდიოდით, თქვე დალოცვილებო და მოგვიწოდებდით, სანქციებს შეუერთდითო, მეორე ფრონტი უნდა გაიხსნასო, ამ ყველაფერს გვირჩევნია, ბომბები ცვიოდეს ქვეყანაშიო, ეს მოგონილი ხომ არაა, კაცო?! […] ესაა დემოკრატია, ესაა ევროპულობა?
თქვენ ხართ პირველები, ვინც დისკრედიტაციას უწევთ ევროპას და ევროპულ მომავალს. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოვიდა ანტისამთავრობო აქციაზე. ესაა ნორმალური? ესაა ჩვენი თავმოყვარეობა? აბა ერთი ნორმალურ განვითარებულ ქვეყანაში გაეკეთებინა, რა ბედი ეწეოდა იმ მინისტრს. და თქვენ ქვეყანაში გამართეთ ომი და თქვენ ქვეყანაში მოაწყვეთ მეორე ფრონტი, საქართველოს შეეშვით და დაანებეთ თავი“, – აცხადებს კალაძე.
„აღარ გვინდა არც თქვენი შეშფოთება, არც აღშფოთება, თქვენც გიფრთხილდებით“, – თქვა მან.
ის, რომ საქართველოში ვინმეს მეორე ფრონტის გახსნა სურდა და მას ომში ჩართვისკენ მოუწოდებდა, არ დასტურდება.
„ოცნება“ იმეორებს კონსპირაციას, რომ საქართველოს ამისკენ „გლობალური ომის პარტია“ მოუწოდებდა.
შეკითხვაზე, ვინაა გლობალური ომის პარტია, პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ ამაზე ვერ ისაუბრებს, რადგან საფრთხეა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. პარლამენტის დეპუტატმა მარიამ ლაშხმა კი უცხოურ გამოცემასთან საუბარში „გლობალური ომის პარტია“ მასონებს შეადარა.